2018 წლის ზაფხულში ეკრანზე პოპულარული ამერიკული მიუზიკლის მამა მიას მეორე ნაწილი, Mamma Mia: Here We Go Again! გამოვა.

ნაცნობი მსახიობების - მერილ სტრიპის, კოლინ ფერტის, ამანდა სეიფრიდის, პირს ბროსნანისა და სხვა ვარსკვლავების გარდა, ახალ ნაწილში მონაწილეობას ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი შერიც მიიღებს, რომელიც სტრიპის პერსონაჟის, დონას დედას განასახიერებს.

რამდენიმე კვირის წინ, ერთმანეთის მიყოლებით კინოსურათის ორი ტრეილერი გამოვიდა, თუმცა ფანების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ არც ერთ მათგანში მერილ სტრიპის პერსონაჟი დონა არ ჩანს. უფრო სწორად კი, ტრეილერში მხოლოდ პირველი ნაწილიდან არის შესული კადრები.

ახალ ნაწილთან დაკავშირებით ცნობილია, რომ აქცენტი დონას და მისი მეგობრების ახალგაზრდობის პერიოდზე გაკეთდება, თუმცა რა თქმა უნდა, ძირითადი ხაზი მაინც საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე განვითარებულ მოვლენებს დაეთმობა.

ტრეილერიდან ვიგებთ, რომ ამანდა სეიფრიდის პერსონაჟი, სოფი ორსულად არის, მის დასახმარებლად კი კუნძულზე დონას [მერილ სტრიპი] მეგობრები ჩამოდიან, რომლებიც მასზე საუბრისას გამუდმებით წარსულს იხსენებენ.

სწორედ მერილის ახალი კადრების არარსებობა და მისი პერსონაჟის გამუდმებით წარსულში მოხსენიება გახდა ფანების აღშფოთების, უფრო მეტად კი შიშის საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ დონა ტრეილერში მხოლოდ მოგონებების სახით ჩანს, უნდა ითქვას, რომ სტრიპი გადაღებებზე იმყოფებოდა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფილმის მეორე ნაწილის ფინალური ტრეილერი მხოლოდ მერილ სტრიპს დაეთმობა და სწორედ ამით აიხსნება ის, თუ რატომ არ ჩანს წინა ორში მსახიობი.

ვნახოთ, ისღა დაგვრჩენია ფილმის გამოსვლას დაველოდოთ და გავიგოთ, იმღერებს თუ არა მამა მიას დონა კიდევ ერთხელ.