სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის წინააღმდეგია და ვარაუდობს, რომ ჩაბუქი იქ, შესაძლოა, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდეს. ამის შესახებ ლომჯარიამ დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატთან, მის მეუღლესთან და შავის ზღვის უნივერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნინო ლომჯარიას აზრით, არ არსებობს გარანტია, რომ ჩაბუქის საქმის განხილვა თურქეთში სამართლიანი სასამართლოს პრინციპების მიხედვით მოხდება, რასაც არაერთი ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის მონიტორინგის დასკვნაც ადასტურებს:

"გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა რესურსს, მათ შორის, მივმართავთ ადგილობრივ სასამართლოებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების, რომ ეს ადამიანი არ დაექვემდებაროს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირებას."

ქართველმა სამართალდამცავებმა მუსტაფა ეემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, რომლის ვადაც 23 თებერვალს იწურება.