საქართველოში აშშ-ს ელჩის, იან კელის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ აჰმედ ჩატაევი სტამბოლში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი იყო. მისი თქმით, ჩატაევი 4 წლის წინ გაათავისუფლეს ციხიდან და ახლა ამ ფაქტის შეფასება არ შეუძლია:

"მეც მინახავს და წამიკითხავს ის სიუჟეტები და სტატიები, რაც პრესაში გავრცელდა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს გვაქვს ძალიან კარგი სამუშაო-პროფესიული ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან. პარტნორობა გვაქვს სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ, აუცილებლად უნდა მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და ურთიერთგაცვლა".

საინფორმაციო სააგენტო Reuters თურქულ პროსახელისუფლებო გაზეთ Yeni Safak-ზე დაყრდნობით წერს, რომ ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზებაში შესაძლოა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყოს რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევი. თუმცა, თურქეთის ხელისუფლებამ Reuters-ს აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურა.

ჩატაევი 2012 წლის სექტემბერში ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, რის გამოც ის დააკავეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი, 2013 წლის 18 იანვარს, პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. აჰმედ ჩატაევი მალევე გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც მას ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა.