ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება. აღნიშნულ პოსტზე ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიგი წერეთელია წარდგენილი, რომელსაც ქართული ოცნება მხარს არ უჭერს:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო არ უჭერს მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას".

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ წერეთელი ზედიზედ ორჯერ იყო არჩეული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად და ის აღნიშნულ პოზიციას აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნებისათვის. ქართული ოცნება ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენად ეფექტიანად ხელმძღვანელობდა აღნიშნულ პერიოდში წერეთელი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით:

"2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთ მთავარ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს, გიგი წერეთელი კი ამ არჩევნებში მონაწილე მხარეა. შესაძლოა გაჩნდეს განცდა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მას ექნება შესაძლებლობა, რაიმე ფორმით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგების შეფასებაზე".

ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი და განსაკუთრებულად გასათვალისწინებელია, რომ წინასაარჩევნოდ ენმ რევოლუციურ ფონს ქმნის და ჩნდება განცდა, რომ ენმ-ს მიზანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაციაა.