სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აცხადებს, რომ ცალკეულმა პირებმა ცრუ ბრალდებები და "შეგნებული დეზინფორმაცია" გაავრცელეს შავ სიაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობის დაშვების შესახებ.

შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია ყვარელრემმშენი შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2015 წლის 25 სექტემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში ერთი წლის ვადით.

სააგენტო აცხადებს, რომ კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის ვადა ამოიწურა 2016 წლის 25 სექტემბერს:

"იმ მომენტისათვის, როდესაც მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე 2016 წლის 28 სექტემბერს გამოცხადდა ტენდერი, ამოწურული იყო შავ სიაში რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი ერთწლიანი ვადა და მას სრულფასოვნად შეეძლო მიეღო მონაწილეობა", - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.

ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყვარელრემმშენი, რომელმაც ვარკეთილის მეტრო გაარემონტა, ტენდერში გამარჯვებამდე, შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში იყო.

30 იანვარს, ვარკეთილის ახალგარემონტებულ მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. სადგურის განახლებაზე კომპანია ყვარელრემმშენმა იმუშავა, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 347 852 ლარი გადაუხადა. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.