თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძის თქმით, საქართველოს ფოსტამ მათ გაგზავნილი ფილმების მეოთხედი დაუკარგა ან უკან დაუბრუნა. გაგზავნილი ფილმების შესახებ ჩხეიძე On.ge-ის ესაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში კინოფესტივალების დასრულების შემდეგ, დეკემბრის პირველ ნახევარში, საქართველოს ფოსტის სერვისით ფილმების უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, თუმცა თვენახევრის გასვლის მიუხედავად გზავნილების ნაწილი ადრესატს არ ჩაბარდა, მათი ბედი გაურკვეველია, ნაწილი კი უკან დაუბრუნდათ.

"პირველად გადავწყვიტეთ, რომ რადგან იაფი იყო ეკონომია გაგვეკეთებინა. იანვარში დაიწყო მეილებმა მოსვლა, თვითონ დისტრიბუტორებმა მოგვწერეს, რომ ფილმები არ ჩასვლიათ", - ამბობს ჩხეიძე.

მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ შეძლო ფოსტამ გზავნილების ნაწილის ჩაბარება, ან რატომ არ სცადეს კიდევ ერთხელ.

"ახლა, ამ წუთას, 5 ფილმზე ვარკვევთ, სად არის ფიზიკურად, ვერც იქ პოულობენ და ვერც - ჩვენ. გვითხრეს, განცხადება დაგვეწერა, დავწერეთ. გვეუბნებიან, რომ პასუხს 10 სამუშაო დღეში მივიღებთ. ამათ [საქართველოს ფოსტას] ჰგონია, რომ საქონელია, რომელიც დაიდება დიდ ხანს. ეს ფილმებია, რომელიც მათ სჭირდებათ, უნდა ამუშაონ და გაგზავნონ სხვა ქვეყნებში", - ამბობს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი.

საქართველოს ფოსტაში ამბობენ, რომ კინოფესტივალის წერილი დღე მიიღეს და საკითხის მოკვლევა დაიწყეს.

"ამ დროისათვის მოკვლევა მიმდინარეობს ექვსი საერთაშორისო გზავნილის. დაბრუნებულია 2 გზავნილი, რომელიც მისამართის უზუსტობის გამო ვერ იქნა ჩაბარებული", - მიწერეს საქართველოს ფოსტიდან On.ge-ს.