2 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის 6 გრაფიკულ ნამუშევარს უმასპინძლებს.

ნამუშევრები ფლორენციის კაზა ბუონაროტის მუზეუმიდან ჩამოიტანეს, რომლის კოლექცია, მიქელანჯელოს სხვა შედევრებთან ერთად, ინახავს 200-ზე მეტ ჩანახატსა და ხელნაწერს, ბუონაროტის საგვარეულოს სხვადასხვა თაობის მიერ შეგროვებული სურათების, ქანდაკებებისა და არქეოლოგიური ნიმუშების მდიდარ კოლექციას.

ფოტო: Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო: Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო: Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო: Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება მიქელანჯელოს მიერ 1508-1510 წლებში სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში (1508-1512) შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები.

დამთვალიერებელი იხილავს ადამიანის სახისა და სხეულის გრაფიკულ დეტალებს, მათ შორის ხელის გამოსახულებას ფრესკისთვის "ადამის შექმნა" და ფიგურებს ფრესკისთვის "სამოთხიდან განდევნა".

ექსპოზიციაში ჩართული იქნება მულტიმედია. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ დოკუმენტური ფილმი "მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად".

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში.

შესასვლელი ბილეთის საფასურია:

  • მოზრდილი 7 ლარი;
  • სტუდენტი 1 ლარი;
  • სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
  • პენსიონერი 50 თეთრი;
  • ბავშვი 6 წლამდე უფასო;

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:

  • ICOM-ის წევრებისთვის;
  • საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.