დღეს, 31 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდების საქმეზე ორ პირს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ირაკლი ა. და ლევან ა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივ დისკრიმინაციაში. ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს საათებში, მსჯავრდებულებმა ნიგერიის მოქალაქეებს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარედ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხვა შავკანიან პირებს.

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულების პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და ის გარემოება, რომ ისინი იყვნენ ნასამართლობის არმქონე პირები და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი.