საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის (IBP) გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის "ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველომ მეხუთე ადგილი დაიკავა. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს.

საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 82 ქულა მიიღო. ამ მაჩვენებლით მსოფლიო რეიტინგში, რომელიც 102 ქვეყანას მოიცავს, მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 16 პუნქტიანი გაუმჯობესებაა.

ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაზომად გამოყენებულია 109 სხვადასხვა ინდიკატორი. „ღია ბიუჯეტის ინდექსის” მიზანია შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის საზოგადოებისთვის დროულ ხელმისაწვდომობას და არის თუ არა ამ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემები ამომწურავი.

ეს რვა დოკუმენტია:

  • ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები
  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი
  • მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი
  • სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში
  • სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ

TI-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ღია ბიუჯეტის ინდექსით” ფასდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობა, საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა ყურადღებას ამახვილებს ასევე საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობასა და ბიუჯეტზე ეფექტური ზედამხედველობის საკითხებზეც:

"ამ მხრივ საქართველოს კვლავ აქვს გამოწვევები, განსაკუთრებით, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობის კუთხით. 100 შესაძლებელი ქულიდან საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მხრივ საქართველომ 22 ქულა (მსოფლიოში მე-17 ადგილი) მიიღო, ბიუჯეტზე ზედამხედველობის მხრივ კი - 74 ქულა (მე-18 ადგილი)."

კვლევის მთელი პროცესი დაახლოებით 18 თვე გრძელდებოდა და იგი ძირითადად 2016 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას აფასებს.

2015 წლის მონაცემებით, "ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველო მე-16 ადგილზე იყო.