გიორგი ჯოხარიძე, იმ კომპანიის დირექტორი, რომელმაც ვარკეთილის მეტროსადგური გაარემონტა, ჭერის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას ექსპერტიზას აკისრებს. მისივე თქმით, მეტროსადგურის რემონტზე შენიშვნა აქმდე არავის ჰქონია.

"ძველი, არსებული კონსტრუქცია ჩამოიშალა და მაგან წამოიღო ახალი კონსტრუქცია. ასე იყო პირობებში, რომ ძველი კონსტრუიქცია დაგვეტოვებინა და ისე გაგვეკეთებინა ახალი კონსტრუქცია", - განაცხადა გიორგი ჯოხარიძემ ჟურნალისტებთან.

ჯოხარიძემ პოლიციის შენობა დაახლოებით ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა.

დღეს, 30 იანვარს, ვარკეთილის ახალგარემონტებულ მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. სადგურის განახლებაზე კომპანია ყვარელრემმშენმა იმუშავა, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 347 852 ლარი გადაუხადა. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.