ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიგი წერეთელმა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მიგრანტთა პრობლემა ევროპისთვის მთავარი საკითხია, თუმცა ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ის ფაქტი, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები:

„ადამიანის უფლებათა კომიტეტში იყო საუბარი მიმართულებაზე, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ეს ეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებს და იმ ვითარებას, რომელიც იქ არის, რა თქმა უნდა, დღეს მთავარი პრობლემა მიგრაციაა და მიგრანტთა პრობლემები ევროპაში, მაგრამ შევახსენეთ ჩვენც და უკრაინამაც, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. სადაც ადამიანებს წართმეული აქვთ ცხოვრების უფლება“.

ასამბლეაზე რუსმა დეპუტატმა ნიკოლაი კოვალიოვმა განაცხადა, რომ ეს არაა ოკუპაცია, რადგან რუსეთი ადამიანების სიცოცხლეს იცავს.

თბილისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე კომიტეტის სხდომა უკვე დასრულდა.

დეპუტატებმა რეზოლუციის პროექტზე იმსჯელეს, რომელშიც წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტური სიტუაციების შესახებ ორგანიზაციის პოზიცია უნდა აისახოს.