Big Little Lies-ის შემქმნელებმა რამდენიმე დღის წინ ერთი დიდებული ამბავი შეგვატყობინეს - ლეგენდარული მსახიობი, მერილ სტრიპი შოუს მეორე სეზონში ითამაშებს.

სამი ოსკარის მფლობელი მერილ სტრიპი სერიალში ალექსანდრ სკარსგარდის პერსონაჟის დედის როლს განასახიერებს. შესაბამისად გამოდის, რომ ის ნიკოლ კიდმანის პერსონაჟის დედამთილის როლში მოგვევლინება.

საინტერესოა, როგორ მოახერხეს შოუს პროდიუსერებმა, რომ მინისერიალში, რომელშიც ისედაც ჰოლივუდის A კლასის მსახიობები: ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი და ლორა დერნი თამაშობენ, კინოინდუსტრიის ყველაზე ტიტულოვანი მსახიობი დაითანხმეს როლზე.

როგორც აღმოჩნდა ამისთვის მადლობა ნიკოლ კიდმანს უნდა გადავუხადოთ.

"მეორე სეზონის წერის პროცესში ვიყავი, პროდიუსერებს პერის [ალექსანდრ სკარსგარდი] პერსონაჟის დედაზე ვესაუბრე და ვთქვი, რომ ძალიან მინდოდა ამ როლში მერილი მენახა. პროდიუსერებმა ხმამაღლა გაიცინეს და თქვეს, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. შემდეგ ავიღე ტელეფონი და ნიკოლს დავურეკე, ვუთხარი, რომ მერილი მჭირდებოდა. ვიცოდი ეს გაჭრიდა, ნიკოლი და მერილი დიდი ხნის მეგობრები არიან. როგორც ხედავთ ეს გამოვიდა, შესაბამისად მომიწია, რომ სცენარისთვის გადამეხედა და ბევრი დეტალი შემეცვალა. მერი [მერილ სტრიპის პერსონაჟი] მეორე სეზონში ცდილობს შვილის სიკვდილი გამოიძიოს და ჩვენთვის ნაცნობი პერსონაჟების ისტორიაში, ძალიან ძალიან საინტერესო ამბები ხდება", - ყვება ლიან მორიარტი.

ახალ სეზონთან დაკავშირებით ცნობილია ისიც, რომ მეორე ნაწილის რეჟისორი ანდრეა არნოლდი იქნება, რომელსაც ისეთ პროექტებზე უმუშავია როგორებიცაა - Transparent, I Love Dick და სხვები.

სერიალის ეთერში დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა შემქმნელებმა გაამხილეს, რომ ძველ პერსონაჟებს ოთხი ახალიც დაემატება და მსახიობებს უკვე ეძებენ.

ახალ პერსონაჟებს შორის ერთ-ერთი მასწავლებელი მიშელ პერკინსი იქნება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მასწავლებელს პრობლემები ექნება ლორა დერნის გმირთან, რენატასთან. ახალ სეზონში გავიცნობთ ბონის მშობლებსაც.

Big Little Lies მეორე სეზონში შვიდი სერია იქნება.