მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში მაია ენჯელოუს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის გამორჩეული იყო არა მხოლოდ როგორც მწერალი, არამედ აქტივისტი, ადამიანის უფლებების დამცველი, რომელსაც ძალიან მრავალფეროვანი და ისტორიულად მნიშვნელოვანი ცხოვრება ჰქონდა. 1928 წელს დაბადებულ მარგარიტ ენი ჯონსონს მაია თავისმა ძმამ შეარქვა, როგორც "My" (ჩემი), "Mya Sister" და ამის შემდეგ მან ეს სახელი ფსევდონიმად დაიტოვა. თავის დროზე ის იყო პირველი შავკანიანი, რომელიც აშშ-ში ავტობუსის კონდუქტორი გახდა, ის იყო მარტინ ლუთერ კინგის მარჯვენა ხელი რასისტური სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამავდროულად, პროფესიონალი მოცეკვავე და ნიჭიერი მომღერალი. ერთ დროს ბილი ჰოლიდეი მაიას წარმატებულ კარიერასაც კი უწინასწარმეტყელებდა.

ენჯელოუ ძირითადად თავის ბავშვობაზე წერდა, იმ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებზე, რომლებმაც ადრეულ ასაკშივე დაასვა დაღი მის ცხოვრებას. სწორედ ამ ადრეულ გამოცდილებას მიუძღვნა შვიდი პროზაული წიგნი, რომელთაც გარდატეხა მოახდინეს ამერიკულ და მსოფლიო ლიტერატურაში. ეს ავტობიოგრაფიის ახალი ფორმა იყო. შვიდივე წიგნი გამორჩეულია თავისი გულწრფელობით, შეულამაზებელი სიმართლითა და მკაცრი რეალობით. ავტორი თან დასცინის გაბატონებულ სტერეოტიპებს და ამავდროულად, ძალიან წუხს მათ მიერ მოტანილ ტრაგიკულ შედეგებზე.

პოეტად სახელგანთქმული მაია ენეჯელოუს განსაკუთრებული წარმატება მაინც მისმა პირველმა რომანმა ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი მოუტანა, რომელიც 1969 წელს გამოიცა. სანამ ამერიკულ პროზაში ადგილს დაიმკვირდებდა, რომანმა, ავტორის მსგავსად, რთული გზა განვლო. ის ხშირად ხვდებოდა აკრძალული წიგნების სიაში მრავალ სკოლასა თუ კოლეჯში. სასტიკი წინააღმდეგობა ავტორის გამორჩეულმა წერის სტილმა განაპირობა, რადგანაც მაია ყბადაღებულ პოლიტკორექტულობას არასდროს აქცევდა ყურადღებას და საკუთარ გამოცდილებას შეულამაზებლად აღწერდა. ამ რომანის მთელი სიმძაფრეც ამაშია - ავტორი დაუფარავად გვიყვება, სამი წლის ასაკიდან მოყოლებული რამხელა ძალადობის გადატანა მოუწია მას, როგორც ქალს, როგორც ფერადკანიანსა და როგორც ღარიბი ოჯახის შვილს.

წიგნი დროთა განმავლობაში აფროამერიკელი მოსახლეობის ტრაქტატად იქცა. რომანში პირველად გაისმა ამერიკული პოლიტიკის კრიტიკა, რომელიც მოჩვენებითად კი ადასტურებდა ყველა მოქალაქის თანასწორობას, თუმცა პრაქტიკაში არ ახორციელებდა. შავკანიანებმა წიგნის ფურცლებიდან ამოიკითხეს ტკივილები და შიშები, რომლებზეც მაიამდე არავინ საუბრობდა.

მოგეხსენებათ, წიგნებს ტყუილად არავინ კრძალავს. როგორც წესი, აკრძალულ წიგნებში დევს სიმართლე, რომელიც ცენზურისა თუ შევიწროების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც გამოდის დღის სინათლეზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მაია ენჯელოუს წიგნი. ამ რომანმა რთული გზა გაიარა აღიარებამდე და საბოლოოდ, ის ადგილი მოიპოვა მკითხველების თაროებზე, რომელსაც თავიდანვე იმსახურებდა.

წიგნის შეძენა სანტა ესპერანსას მაღაზიებში შეგიძლიათ:

  • ქ. თბილისი, სანქტ პეტერბურგის 12
  • ქ. თბილისი, ბულაჩაურის 4