ერეკლე დეისაძეს, ახალ სიმღერაზე "ხალხური" საავტორო უფლებების დარღვევას ედავებიან. დეისაძის "ხალხური" ნატო მეტონიძის სიმღერის "საით მიდიხარ" მოტივებზეა დაწერილი, რომლის მუსიკაც გია ყანჩელს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა.

როგორც დეისაძემ პოსტში აღნიშნა, ვიდეოს წაშლას არ აპირებს, სხვა შემთხვევაში კი საქმეში საავტორო უფლებების ასოციაცია ჩაერთვება და შესაბამისი უწყებები სამართლებრივი გზით შეეცდებიან ამ საკითხის გადაწყვეტას.

ნატო მეტონიძემ On.ge- სთან საუბარში განაცხადა, რომ სიმღერის ჩაწერის შესახებ ინფორმირებული არ იყო, თუმცა საავტორო უფლებების დარღვევაზე ჩივილს არ აპირებს:

"დღეს მოვისმინე ეს სიმღერა, მეგობარმა გადმომიგზავნა. არანაირი ზომებისთვის მე არ მიმიმართავს და არ ვაპირებ რომ მივმართო."

როგორც ერეკლე დეისაძემ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა პრეტენზიები არც გია ყანჩელს აქვს:

"პრეტენზია თავდაპირველად მოვიდა საავტორო უფლების ასოციაციიდან, შემდეგ ტელეფონით ვესაუბრე ყანჩელის ვაჟს, რომელმაც მომისმინა. ამ ეტაპზე, პრეტენზია არავის აქვს"

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ On.ge-სთან საუბრისას თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ სიმღერის ავტორებმა მიმართეს:

"გუშინ აპირებდნენ, რომ ჩვენთან მოემართათ გია ყანჩელს და ნატო მეტონიძეს. დღეს დილით კი დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს ჩვენ თვითონ მოვრიგდით და თქვენ აღარ შეგაწუხებთო."

დეისაძის კლიპი იუთუბზე, საქართველოში, დღის ყველაზე პოპულარული ვიდეო გახდა.