პანკისის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული, ტერორიზმში ბრალდებული რუსლან ალდამოვი ეჭვობს, რომ სპეცრაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილი შეცდომით, მის ნაცვლად მოკლა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ალდამოვის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ესაუბრა.

ალდამოვი კუბლაშვილის გადმოცემით აცხადებს, რომ სახლიდან გაყვანისას სპეცრაზმი აკვირდებოდა და სახელს ეკითხებოდა:

"თუ თქვენ არ იცით ჩემი სახელი და გვარი, როგორ მოხვედით ჩემს საცხოვრებელ სახლში და დამაკავეთ ჩემი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით?"

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სპეცრაზმელმა თავში დაჭრა, 2017 წლის 10 იანვარს ორკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ გარდაიცვალა.

26 დეკემბერს, პანკისში, ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.

აღნიშნული ინციდენტის გამო, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილსა და 26 დეკემბერს დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ისნის სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებთან.

21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი. ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. სუს-ის ცნობით, აღნიშნული პირები ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.