სასტუმრო ლეოგრანდის თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი გამოძიების დროულად დასრულებას, სასტუმროსა და სამორინეს გახსნას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

აქციის მონაწილეები სამუშაო პროცესის აღდგენას მოითხოვენ. მათი განცხადებით სასტუმროში მუშაობა უსაფრთხოა, საგამოძიებო პროცესი კი დროში გაჭიანურდა, რის გამოც ისინი სამსახურის გარეშე დარჩნენ.

ლეოგრანდის თანამშრომლები, ამ ეტაპზე უფასო შვებულებაში იმყოფებიან. ტრაგედიიდან ორი თვის განმავლობაში ყველა მათგანი, კომპანიისგან ანაზღაურებას იღებდა.

24 ნოემბრის ღამეს, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლეს. 20-მდე ადამიანი სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შენობაში სახანძრო ნორმები და მოთხოვნები დარღვეული იყო.

ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის საქმეზე გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.