საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის 90 წლის იუბილეს. მას 25 იანვარს 90 წელი შეუსრულდებოდა.

პრემიერის თქმით, შევარდნაძის პოლიტიკური მოღვაწეობა სირთულეებით აღსავსე ეპოქას უკავშირდება:

"ედუარდ შევარდნაძემ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებითაც საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები გაუჩნდა.
ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი; მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში; უმნიშვნელოვანესი პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ერზერუმი; სტამბულის ეუთოს 1999 წლის სამიტი - ისტორიული შეთანხმება რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე, "წრთვნისა და აღჭურვის" პროგრამა. ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება პრაღის 2002 წლის ნოემბრის ნატოს სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული სურვილი გაწევრიანების თაობაზე.

ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულების, ბერლინის კედლის დანგრევისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში. მისი სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება."

ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი 1994-2003 წლებში იყო. ის თანამდებობიდან ვარდების რევოლუციის შედეგად გადადგა.

ედუარდ შევარდნაძე 2014 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.