რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა.

"ჩვენ, რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მადლიერი აუდიტორია, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ ქართულ რედაქციასთან დაკავშირებით გაჟონილ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოგმართავთ, რომ დაუყოვნებლივ გატარდეს საქართველოშჲ არსებული გამოწვევების ადეკვატური პოლიტიკა, რაც უნდა გამორიცხავდეს რედაქციის დასუსტებას და დესტაბილიზებას", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

როგორც BBG Watch წერს, ვაშინგტონსა და თბილისში მრავალ წყაროზე დაყრდნობით გაიგეს, რომ რადიო თავისუფლების სათაო ოფისის მენეჯმენტი ქართული ბიუროს რუსთავი 2-თან თანამშრომლობას მოითხოვს.

გამოცემის თქმით, ქართული ბიურო კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს გაერთიანებას, რადგან, მათი აზრით, ამით რადიო თავისუფლების მიმართ ნდობა გაქრება. ასევე, აღნიშნულია, რომ რუსთავი 2 ექს-პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ მყოფ ტელეკომპანიად ასოცირდება.

როგორც სტატიაში წერია, ქართული ბიუროს თანამშრომლები დირექტორ დავით კაკაბაძეს უჭერენ მხარს. მათივე თქმით, ქართული ბიუროს ჟუნრლისტებმა მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს (BBG) ხელმძღვანელს ჯონს ლენსინსა და მის მოადგილეს ჯეფ ტრიმბლს მიწერეს. წერილში ისინი ამბობენ, რომ წელზე მეტია რადიო თავისუფლების სათაო ოფისის მხრიდან იზრდება ზეწოლისა და უსამართლოდ მოპყრობის ფაქტები.

რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ On.ge-სთან თქვა, რომ რადიო თავისუფლების ქართულ ბიუროზე სათაო ოფისის მხრიდან ზეწოლაზე პირველად ესმის:

"გვკითხეს და, ალბათ, სხვა არხებსაც ჰკითხეს, არ გადაგვიმოწმებია, ჩვენ ვიყავით თუ არა თანახმა, რომ ეთერი დაგვეთმო ამ გადაცემებისთვის. ერთ-ერთზე მივეცი თანხმობა იმ პირობით, თუ მთლიანად აიღებდნენ საკუთარ თავზე დაფინანსებას. მეტი შემხებლობა ამ მედიასაშუალებასთან ჩვენ არ გვქონია".

ნიკა გვარამიას მიიჩნევს, რომ რადიო თავისუფლებისა და რუსთავი 2-ის დაკავშირება ტელევიზიის დისკრედიტაციას და მისი მიკერძოებულობის მტკიცებას უკავშირდება, რაც სტრასბურგის სასამართლოში მოახლოებული გადაწყვეტილების წინ ხელისუფლების ინტერესში შედის.