კონკურენციის სააგენტომ შპს სიტროენ ჯორჯიას საჩივარი შეისწავლა და მიიჩნია, რომ საკითხის მოკვლევის საფუძველი არ არსებობს. საქმე ეხება მომღერალი უცნობის სიძის კომპანიის მიერ სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიის მიმართ ბრალდებას, შესაძლო კარტერულ გარიგებებთან დაკავშირებით. კონკურენციის სააგენტოს დასკვნა დღეს, 24 იანვარს, გამოქვეყნდა.

კონკურენციის სააგენტოს დასაბუთება:

  • შპს გარდაბნის თბოსადგური კერძო სამართლის იურიდიულ პირია და არა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო და ვერ გავრცელდება მომჩივანის მიერ დასახელებულ ნორმასთან თანხვედრა;
  • სსიპ სასწრაფო დახმარების ცენტრის გამოცხადებულ ტენდერზე მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის მიზეზად კონკურენციის სააგენტო აღნიშნავს, რომ მანამდეც გასაჩივრდა მათთან და მოკვლევა არ დაწყებულა;
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სიტროინ ჯორჯიამ სატენდერო მოთხოვნების დაუკმაყოფილობლობის გამო მისი დისკვალიფიკაცია მოხდა. ჯანდაცვის სამინისტრომ სიტროინ ჯორჯიას მოთხოვნა დააკმაყოფილა და სატენდერო განაცხადიდან გამოცდილების მოთხოვნა ამოიღო. ამ ტენდერში კომპანიის დისკვალიფიკაცია 5-წლიან გამოცდილებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის წარდგენის გამო მოხდა.

კონკურენციის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სიტროინ ჯორჯიას საჩივარში საუბარი იყო შპს სტრადა მოტორსის, შპს იბერია ავტოს, სს ჰიუნდაი ავტო საქართველოს, შპს კია მოტორს ჯორჯიას, შპს ჯი-თი მოტორსის და სს ფრანს ავტოს შეთანხმებულ მოქმედებაზეც. უწყებაში განმარტავენ, რომ მოცულობითი დოკუმენტების გამო საკითხზე დაიწყეს მოკვლევა.

პრემიერ კვირიკაშვილის მეგობარი, მომღერალი უცნობი (გია გაჩეჩილაძე) ხელისუფლებას ადანაშაულებს ხეჩიკაშვილის კომპანიების მფარველობასა და საკუთარი სიძის კომპანიის (სიტროინ ჯორჯია) დაჩაგვრაში.