თბილისის საქალაქო სასამართლოს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტს, ბექა წიქარიშვილს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს სასამართლოს პრესსამსახურმა დაუდასტურა. გუშინ, გიორგი გიორგანაშვილის, ბახალას, განაჩენის გამოცხადების შემდეგ წიქარიშვილმა სასამართლოს ფანჯარას აგური ესროლა.

სხდომის დაწყებამდე წიქარიშვილმა თქვა, რომ ბახალს განაჩენი "სასამართლოს კიდევ ერთი სირცხვილია":

"ჩემი გუშინდელი ქმედება იყო გამოწვეული ძალიან კონკრეტული პროტესტით, აღელვებით და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ბახალას, გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამოიტანა სასამართლომ, ანუ უსამართლო გადაწყვეტილებით. სიმართლე გითხრათ, მე არ მქონია განცდა, რომ ვესროლე სასამართლოს ფანჯარას, მე მქონდა განცდა, რომ უსამართლობის კერას ვესროლე".

წიქარიშვილის მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 0,3726 გრამი სუბოტექსის შენახვა-მოხმარებისთვის რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მსახიობის თქმით, მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ის ბრალს არ აღიარებს და საპროცესო შეთანხმებასაც არ თანხმდება.

გაიგეთ მეტი: