საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა ქართული ოცნების დეპუტატს კვლავ მოუგო. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას რეგინფო ავრცელებს.

"გასულ წელს სააპელაციო სასამართლომ კახეთის ყოფილ გუბერნატორს, ირაკლი შიოლაშვილს დაავალა საჯაროდ უარყოს გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ღირსება და საქმიანი რეპუტაცია განზრახ შელახა", - წერს რეგინფო.

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ეხება ირაკლი შიოლაშვილის მიერ, 2015 წელს საჯაროდ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ. ჟურნალისტმა ახლანდელი დეპუტატისა და მაშინდელი გუბერნატორის ოჯახის უკანონო ბიზნესინტერესებზე, 2015 წლის 22 აპრილს ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა.