ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სასტუმრო ინტერკონტინენტალში, 12-საათიანი ალყა და სპეცოპერაცია დასრულდა. BBC-ის ცნობით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა 160 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა დაიღუპა ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ერთი უცხოელი.

ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა მომხდარზე არ აუღია. შეიარაღებული პირები ძვირადღირებულ სასტუმროში 20 იანვარს შეიჭრნენ და ტყვეები აიყვანეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ინტერკონტინენტალი შეიარაღებული პირების სამიზნე გახდა. სასტუმროს 2011 წელს თალიბები დაესხნენ თავს. მაშინ 21 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 9 თავდამსხმელი. მათი მოგერიება NATO-ს ვერტმფრენით გახდა შესაძლებელი.

ინტერკონტინენტალის სასტუმრო ქაბულში ყველაზე პოპულარულია. აქ ყველაზე ხშირად ჩერდებიან დასავლეთიდან ჩამოსული სტუმრები.