იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ შრომის ანაზღაურება 3 პროცენტით, პრემიები კი 40 პროცენტით გაზარდა. ინფორმაციას აუდიტის ანგარიშზე დაყრდნობით ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

მათი თქმით, პრემიების გაცემა და ანაზღაურების გაზრდა იმ პირობებში მოხდა, როდესაც ორგანიზაციის ფუნქციები და კომპეტენციები არ გაზრდილა.

მხოლოდ 2015 და 2016 წლებში ამ უწყების თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების ჯამურმა თანხამ 534 ათასი ლარი შეადგინა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ დადგენილი წესით, ერთჯერადი დახმარების გამცემმა კომისიამ თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩაატაროს სხდომა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვის მიზნით. იმერეთის წარმომადგენლობაში 2016 წლის მარტში, მაისში, ივნისსა და აგვისტოში, როცა ჯამში განსახილველად 136 განცხადება იყო შესული, სხდომები საერთოდ არ ჩატარებულა. შედეგად, არ იქნა დაცული ერთჯერადი დახმარების განხილვისა და გაცემის პერიოდულობა. ამან კი თანხების არათანაბარზომიერად გაცემის რისკები შექმნა.

იმერეთის წარმომადგნელობამ 22 180 ლარის პრემიები გასცა. თუმცა არც ერთ შემთხვევაში ბრძანების დასაბუთებაში მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ იყო, რაც არ იძლეოდა სრულ ინფორმაციას საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად განკარგვის თაობაზე.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხარვეზებიცაა გამოვლენილი. კერძოდ, აღმოსავლეთის წარმომადგენლობაში გაფორმებული 107 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან 4 შემთხვევაში ხელშეკრულება ელექტრონულ სისტემაში ატვირთული იყო დაგვიანებით. ასევე 19 შემთხვევაში დაგვიანებით იყო ატვირთული შესრულება/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და 6 შემთხვევაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ სხვადასხვა წარმომადგენლობაში შტატგარეშე მომუშავეთა დასაქმება ხდებოდა არა დროევე დროს, უმეტეს შემთხვევაში, ფაქტობრივად, ვერ დასტურდებოდა შტატგარეშე მომუშავეთა დასაქირავებლად გაწეული ხარჯების გადაუდებელი აუცილებლობა. გაცემული თანხები წარმოადგენდა არაეკონომიურად და არაეფექტიანად გახარჯულ სახსრებს.