ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია კლუბ ბასიანის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ არსებული საქმე სასამართლოს მიმართ გარკვეულ კითხვებს წარმოშობს.

მათი თქმით, განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

გავრცელებული ინფორმაციით, 13 იანვარს კლუბ ბასიანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა კლუბის თანამშრომლებსა და თამაზ ქვლივიძეს შორის, რის შედეგადაც დაჭრილია კლუბის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს მეოთხე განყოფილების უფროსის მოადგილე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ, ორი პირის დაჭრის და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის დანაშაულებში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

არასამთავრობოების თქმით, კითხვები გაჩნდა მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილების მიმართ. იმავე მოსამართლებ ბირჟა მაფიის წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა:

"ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილების მიმართ, თუ რამ გამოიწვია უფრო ლმობიერი მიდგომა უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ისეთი დანაშაულის მიმართ, როგორიც იყო კლუბ ბასიანთან მომხდარი ინციდენტი".

შემდგომში თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო პატიმრობით შეცვალა.

არასამთავრობოების თქმით, მიკერძოებულობასთან დაკავშირებით ეჭვები იმ ფაქტმა გაამძაფრა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული "პრივილეგირებული ოჯახის" წევრია:

"რაც ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი მართლმსაჯულების სისტემის პირობებში ქმნის შესაძლებლობას საქმის წარმოება მიკერძოებულად წარიმართოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი".

განცხადებას ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო;
  • საფარი;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.