გრეის ანატომია ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სერიალია ტელევიზიის ისტორიაში. უკვე 14 წელია, მაყურებელი ხედავს ელენ პომპეოს გმირის, მერედიტ გრეის პერსონაჟის ზრდას დაბნეული სტაჟიორიდან ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ექიმამდე, რომელმაც წარმატებისკენ გზა თავად გაიკვალა. როგორც აღმოჩნდა, მერიდიტ გრეისა და ელენ პომპეოს ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამის შესახებ მსახიობმა The Hollywood Reporter-თან ისაუბრა.

ელენ პომპეო დრამატული სერიალების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა და ის წელიწადში $20 მილიონს გამოიმუშავებს, თუმცა, გზა რვანიშნიან ხელფასამდე საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მსახიობი იხსენებს, რომ საწყის ეტაპზე მას უფრო დაბალი ანაზღაურება ჰქონდა ვიდრე პატრიკ დემპსის, რომელიც სერიალში მისი ქმრის, დერეკის როლს ასრულებდა. "ჩვენ არ გვჭირდებით, ჩვენ პატრიკი გვყავს", - პომპეოს თქმით, ის მუდმივად გრძნობდა ამ დამოკიდებულებას და ფიქრობდა, შეეძლო თუ არა ანაზღაურების მომატებაზე თხოვნა:

ფოტო: ABC/Photofest

"ასეთ დროს არ გინდა, რომ ზედმეტად მომთხოვნი გამოჩნდე, მაგრამ შეიძლება ეს ჩვენი, ქალების პრობელმაა. კაცები თავისუფლად მოითხოვდნენ $600 ათასიან ანაზღაურებას ეპიზოდისათვის. ქალები კი ვფიქრობთ - შემიძლია ეს გავბედო?ეს ნორმალურია? როცა შენი სახე და შენი ხმა არის ნაწილი იმისა, რაც $3 მილიარდს გამოიმუშავებს მსოფლიოში, ყველანაირი უფლება გაქვს, შესაბამისი ანაზღაურება მოითხოვო", - ყვება პომპეო.

მე ვიგრძენი ის, რასაც მსახიობი ქალების უმეტესობა განიცდის, უნდა წავსულიყავი კაცის გამო. ბოლოს მივხვდი - მე არ მივცემ უფლებას კაცს, ჩემი სახლიდან გამაგდოს

მუდმივმა სექსისტურმა დამოკიდებულებამ პომპეოზე გავლენა მოახდინა და ბოლოს პრინციპულად მოითხოვა პატრიკზე მაღალი ანაზღაურება:

"სერიალს გრეის ანატომია ჰქვია, მე მერედიტ გრეი ვარ. შემეძლო წავსულიყავი შოუდან, მაგრამ რატომ? ეს ჩემი შოუა, მე ნომერ პირველი ვარ. მე ვიგრძენი ის, რასაც მსახიობი ქალების უმეტესობა განიცდის, უნდა წავსულიყავი კაცის გამო. ბოლოს მივხვდი - მე არ მივცემ უფლებას კაცს, ჩემი სახლიდან გამაგდოს"

პომპეო იხსენებს მისი და შონდას საუბარს, რომელიც ძალიან ჰგავდა სერიალში განვითარებულ სიუჟეტს. როცა მერედიტმა აღმოაჩინა, რომ გაცილებით უფრო დაბალი ხელფასი ჰქონდა ვიდრე მის თანამშრომლებს, უფროსს მომატების მოთხოვნით მიმართა. მერედიტმა იგივე პასუხი მიიღო შონდასგან, რაც ბეილიმ მერედიტს უთხრა:

"გადაწყვიტე, რამდენად ფასობ და შემდეგ მოითხოვე იმდენი, რამდენიც გგონია, რომ ღირხარ. თავად არავინ შემოგთავაზებს"

პომპეომ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:

"მე ვუთხარი შონდას - 24 ეპიზოდს ვაკეთებ წელიწადში, სხვაგან არსად ვჩანვარ, მთელ დროს გრეის ანატომიას ვუთმობ. რეჟისორობა კარგია, დამატებითი პატივია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტ დროს მართმევს, რაც შემეძლო ჩემს შვილებთან ურთიერთობისთვის გამომეყენებინა. ამიტომ გადავწყვიტე, ჰონორარზე დავლაპარაკებოდი. შოუს პროდიუსერობაც შევითავსე, ეს ზუსტად ის არის, რისი კეთებაც მსიამოვნებს. მსახიობობა ჩემთვის მოსაწყენია. დამიჯერეთ, მსახიობი გადასაღებ მოედანზე ყველაზე უსუსურია. გასათვალისწინებელია ჩემი ასაკიც. არარეალურია, რომ მთელ ცხოვრებას კინოვარსკვლავივით გავატარებ. მე არ ვარ გენიალური ჯულია რობერტსი, რომ ასე მოხდეს."

მსახიობი ჰოლივუდში სექსუალური შევიწროების თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსური დამოუკიდებლობა.

"ბოლო დროს ქალებს ხშირად ვხვდებოდი Time's Up-ის კომპანიის ფარგლებში. ჩვენ ერთმანეთს ისტორიებს ვუზიარებდით, ვფიქრობდით, რით შეგვეძლო ცვლილებების ხელშეწყობა და როგორ გამოგვეყენებინა ჩვენი ხმა სხვა ადამიანების დასახმარებლად. ოსკაროსანი მსახიობებით სავსე ოთახში ვიჯექი და ვისმენდი, როგორ ძალადობდნენ და დევნიდნენ მათ. ეს იყო იმის დასტური, რომ მე სწორი გზა ავირჩიე. ფინანსურად მიწაზე მყარად დგომამ საშუალება მომცა, არც მტაცებლებთან მორიგება დამჭირვებოდა და არც ჯილდოების დევნა. შეიძლება, ეს გზა ყველასთვის არ იყოს. ვინც ამას აირჩევს, ბიზნესით უფრო უნდა იყოს დაინტერესებული, ვიდრე ხელოვნებით."

ერთი რამის თქმა მსურს კიდევ, ნამდვილად არ მინდა ძალაუფლება მქონდეს, არც სხვას უნდა ჰქონდეს ზედმეტი ძალაუფლება, რადგან ამ დროს ძალაუნებურად შენც კორუმპირებული ხდები. მნიშვნელობა არ აქვს ქალი იქნები თუ კაცი.

ელენ პომპეო ინტერვიუს დროს ჰარვი ვაინშტაინთან შეხვედრასაც იხსენებს.

"ჩემმა აგენტმა ერთხელ ჰარვისთან გამგზავნა, მითხრა, რომ მას ჩემი ნახვა სურდა. თავის ოთახში დამიბარა, მაგრამ ჩემთვის არაფერი გაუბედავს. დამიჯერეთ, მისი მხრიდან ერთი ზედმეტი გადაცდომაც რომ ყოფილიყო, აუცილებლად მოხვდებოდა თავში მძიმე საგანი", - ყვება ელენი.

"უამრავ გოგოსთან მისაუბრია და ის პრობლემები, რაც ჩამოვთვალე, საერთოა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მესაუბრა იმაზე, რაც გრეის ანატომიის გადაღებების დროს ხდებოდა. გარედან ჩანს, რომ ჩვენ წარმატებული ადამიანები ვართ და ყველაფერი გვაქვს, მაგრამ შიგნიდან ყველაფერი სხვაგვარადაა. აქ არის ბევრი შუღლი, დაბნეულობა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მრავალი სხვა. როდესაც სხვებისგან ცუდი და აგდებული დამოკიდებულება ვიგრძენი, ვთქვი: რადგან ცუდად გექცევიან, შენ თავი არ უნდა დახარო. ასეც მოვიქეცი. სამწუხაროდ, მსახიობები, რომლებიც ლეონარდო დიკაპრიოსავით ან მარგო რობივით წარმატებულები და გავლენიანები არ არიან, უამრავ სირთულეს ეჯახებიან. მათ აკეთებინებენ იმას, რისი გაკეთებაც არ სურთ. ისინი ვერ გამოთქვამენ საკუთარ გულისტკივილს, რადგან მათი პრობლემები არავის მიაქვს გულთან. როცა გრეის ანატომიის რომელიმე ეპიზოდს ვიღებ, საკუთარი საშინელი გამოცდილების გამო ვცდილობ, პროცესში ყველა მსახიობი ჩავრთო და მათ თავი პროცესის სრულფასოვან მონაწილედ ვაგრძნობინო.

კიდევ ერთ რამეს ვიტყვი: ნამდვილად არ მინდა, ძალაუფლება მქონდეს, არც სხვას უნდა ჰქონდეს ზედმეტი ძალაუფლება, რადგან ამ დროს ძალაუნებურად შენც კორუმპირებული ხდები. მნიშვნელობა არ აქვს, ქალი იქნები თუ კაცი. მხოლოდ საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული, არასდროს ვყოფილვარ კარგი სტუდენტი, ყველაზე ბევრი რამ აქ, შონდალენდში ვისწავლე. ჩემი გოგო, რომელიც ახლა 8 წლისაა, გადასაღებ მოედანზე როცა მოდის, რეჟისორის სკამზე ჯდება და ყვირის, გადაღებებს ვიწყებთო. ის იზრდება გარემოში, სადაც მისთვის ყველაფერი კომფორტულია, სადაც გრძნობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია. დიდი ცვლილებების იმედი მაქვს და იმედია, ეს ცვლილებები მალე იქნება", - ამბობს ელენ პომპეო.