საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბილისში ელ-ენერგიის, გაზისა და წყლის მიმწოდებელი კომპანიების საქმიანობაში დარღვევები გამოავლინა. "მისტიური მომხმარებლის" საშუალებით ჩატარებული კვლევა მოიცავდა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების განაცხადის ჩაბარებასა და 5 დღის განმავლობაში კომპანიების მიერ მათზე რეაგირებას.

გამოვლენილი დარღვევები:

  • ელ-ენერგიის მიმწოდებელმა კომპანია თელასმა მოქალაქის განცხადება იმ მოტივით არ ჩაიბარა, რომ მისი დატოვება მხოლოდ სათავო ოფისში იყო შესაძლებელი;
  • იგივე კომპანია 18 საათამდე მუშაობს, თუმცა მოქალაქეთა განცხადებას მხოლოდ 16 საათამდე იღებს;
  • გაზის მიმწოდებელმა კომპანია ყაზტრანსგაზ თბილისმა მოქალაქეს შიდა ქსელის აზომვითი ნახაზი მოსთხოვა იმის მიუხედავად, რომ აბონენტს შიდა ქსელი უკვე მოწყობილი ჰქონდა;
  • წყლის გამანაწილებელმა კომპანიამ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მოქალაქეს წინასწარ გადახდილი მიერთების საფასურის დასაბრუნებლად ბანკიდან ამონაწერი მოსთხოვა იმის მიუხედავად, რომ ანგარიშის ნომერი თანდართული ჰქონდა განცხადებას;
  • ამავე კომპანიას დარღვევები ჰქონდა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით განცხადების რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციის გაგზავნასთან დაკავშირებითაც.

"კვლევის შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, კომპანიებს მიეცათ რეკომენდაციები და მათ შესასრულებლად ვადები განესაზღვრათ", - აცხადებენ კომისიაში.

მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ კვლევას აგრძელებენ და გეგმავენ სრულად მოიცვან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომუშავე კომპანიები.