ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, ოთო კახიძის განცხადებით, აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა მაშინდელ მთავარ პროკურორს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ეკისრება.

ოთო კახიძის განცხადებით, 2013 წლის 30 მაისის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. მისივე განცხადებით, მას ჰქონდა საშუალება გაეუქმებინა, ან შეეცვალა ქვემდგომი პროკურორის ის გადაწყვეტილება, რომელსაც არ ეთანხმებოდა:

"ახმედ ჩატაევის გათავისუფლება ვითომდა მტკიცებულებების არ არსებობის გამო, საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით მოხდა, რის შემდეგაც მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. აღნიშნულზე პირდაპირი პასუხისმგებლობა საქართველოს პროკურატურის მაშინდელ პირველ პირს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს აქვს."

რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთიდან, აჰმედ ჩატაევი, საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლის სექტემბერში დააკავა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის ფარგლებში.

აჰმედ ჩატაევი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი, 2013 წლის 18 იანვარს, პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. აჰმედ ჩატაევი მალევე გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც მას ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აჰმედ ჩატაევი ავსტრიიდან სირიაში გაემგზავრა, სადაც ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ფრთას ჩაუდგა სათავეში, რომელიც დაჯგუფების რუსულენოვან მებრძოლებს მართავს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters თურქულ პროსახელისუფლებო გაზეთ Yeni Safak-ზე დაყრდნობით წერს, რომ ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზებაში შესაძლოა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყოს რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევი.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სტამბოლის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორის, აჰმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების წინააღმდეგი იყო. მისი განმარტებით, ჩატაევი ციხიდან მაშინ გაუშვეს, როდესაც მთავარი პროკურორის პოსტს არჩილ კბილაშვილი იკავებდა:

"ჯერ კიდევ მაშინ მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამ ადამიანის ციხიდან გამოშვების წინააღმდეგი ვიყავი. ვემხრობოდი, რომ ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას პროკურატურას უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა, თუმცა იმ დროს პროკურატურა ახალი გათავისუფლებული იყო ადეიშვილის პოლიტიკისა და წნეხისგან, ბატონი არჩილ კბილაშვილის მმართველობის ქვეშ არის ეს მომხდარი".