თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის სტრუქტურული რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებები დაამტკიცა.

აღნიშნულ ცვლილებებთან ერთად, სხდომაზე მერიის სტრუქტურული ერთეულების, დედაქალაქის საკრებულოს და თბილისის რაიონული გამგეობების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის საკითხიც დამტკიცდა. თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი სტრუქტურა საკრებულოს დეპუტატებს ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ გააცნო.

როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, თბილისის მერიაში მუნიციპალური სერვისების ცენტრალიზება და მისი ერთ სივრცეში მოქცევა იგეგმება.

სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციამ მმართველი გუნდი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ხელფასებისა და დანამატების გაერთიანების გამო გააკრიტიკა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ოპოზიციის ბრალდებები საფუძველს მოკლებულია. მისივე განმარტებით, მერიისა და საკრებულოს სახელფასო ანაზღაურების თანხა არ იზრდება, არამედ ხდება მხოლოდ იმ ხელფასისა და დანამატის გაერთიანება:

"არაჯანსაღი კრიტიკა ისმოდა ხელფასებთან დაკავშირებით. ჩვენ სახელფასო ფონდი არ გაგვიზრდია. მოვდივართ იგივე სახელფასო ფონდით, რაც დამტკიცებული გვაქვს 2017 წლის ბოლოს".

საკრებულოს ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

თბილისის მერიის ახალი სტრუქტურული მოდელის თანახმად:

  • იქმნება ურბანული განვითარების სამსახური, უქმდება ე.წ. ზონალური საბჭო;
  • არქიტექტურისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში მხოლოდ სერვისების მიწოდებისა და სამშენებლო ნებართვის გაცემის სეგმენტი დარჩება;
  • ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარემოს დაცვის სამსახურად გარდაიქმნება;
  • ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაემატება რამდენიმე ფუნქცია: ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა/გატარება და ქალაქთმშენებლობის პროცესში მონაწილეობა.
  • ქალაქის ნარჩენებით დაბინძურების მართვას ზედამხედველობის სამსახური შეითავსებს.
  • მუნიციპალიტეტის სერვისების განვითარების სააგენტო ფიზიკური და იურიდიული პირების სერვისებს გააერთიანებს.
  • შექმნება საზოგადოებასთან კომუნიკაციების განვითარების სააგენტო და იგი მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულის PR სამსახურს გააერთიანებს;
  • განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური კულტურის, განათლებისა და სპორტის საქალაქო სამსახურში გაერთიანდება;
  • კეთილმოწყობის სამსახურს ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური დაერქმევა.

თბილისის მერია ახალი სტრუქტურის მიხედვით მუშაობას 22 თებერვლიდან შეუდგება.