სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი კომისიის წევრი იყო, რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება პროკურატურას დამოუკიდებლად არ მიუღია.

არეშიძის განმარტებით, აჰმედ ჩატაევი საკმაოდ გავლენიანი პირია ISIS-ში, რომლის სახელთანაც ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული უამრავი ქმედებაა დაკავშირებული, როგორებიცაა აგიტაცია და გადაბირება.

დღეს იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სტამბოლის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორის, აჰმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების წინააღმდეგი იყო. მისი განმარტებით, ჩატაევი ციხიდან მაშინ გაუშვეს, როდესაც მთავარი პროკურორის პოსტს არჩილ კბილაშვილი იკავებდა.

საინფორმაციო სააგენტო Reuters თურქულ პროსახელისუფლებო გაზეთ Yeni Safak-ზე დაყრდნობით წერს, რომ ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზებაში შესაძლოა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყოს რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევი. თუმცა, თურქეთის ხელისუფლებამ Reuters-ს აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურა.

ჩატაევი 2012 წლის სექტემბერში ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, რის გამოც ის დააკავეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი, 2013 წლის 18 იანვარს, პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. აჰმედ ჩატაევი მალევე გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც მას ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა.