საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა გადაწყვეტილებაზე რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის დამატებით განთავსების უფლება ექნებოდა და რიგ შემთხვევაში ტენდერის გარეშე მომსახურების შეძენა შეეძლებოდა. ცვლილებების ასამოქმედებლად პარლამენტს ვეტოს დაძლევა მოუწევს.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სარეკლამო ბაზარი ისედაც მილევადია, ყოველწლიურად მცირდება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სიკეთე არ უნდა დაუპირისპირდეს მედიამრავალფეროვნებას. მისი თქმით, გარანტირებული დაფინანსების მქონე მაუწყებლის სარეკლამო ბაზარზე შესვლით მედიაბაზარი დაზარალდება.

პრეზიდენტმა ისაუბრა ტენდერის გარეშე მომსახურების შესყიდვაზე. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კანონი შესაცვლელია, თუმცა შეთავაზებული კანონპროექტი "ფაქტიურად აუქმებს" საჯარო ფინანსების გამჭვირვალედ ხარჯვის შესაძლებლობას.

კანონპროექტზე ვეტოს დადებამდე ქართული ოცნების წევრი, სოფო კილაძე ამბობდა, რომ ვეტოს დადების შემთხვევაში მას დაძლევდნენ.

იმის მიუხედავად, რომ დარგობრივმა კომიტეტმა პირველი მოსმენით დათქმით მიიღო, მეორე და მესამე მოსმენით კი მხარი არ დაუჭირა პროექტს პარლამენტმა კანონპროექტი სამივე მოსმენით მაინც მიიღო.