ჰარი პოტერის შემსრულებელი, დენიელ რედკლიფი, ჯოან როულინგისა და Warner Bros.-ის ახალ ფილმზე დაწყებულ განხილვას გამოეხმაურა.

Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald-ში ჯონი დეპი მონაწილეობს, რომელიც ყოფილმა ცოლმა, ამბერ ჰერდიმ, ძალადობაში დაადანაშაულა. როულინგმა განაცხადა, რომ კმაყოფილია, რომ დეპი მის ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რამაც ფანების ნაწილის განრისხება გამოიწვია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ როულინგი თავისი წიგნებში ჩაგვრის წინააღმდეგ გამოდის.

"გარემოებების გათვალისწინების შედეგად, მე და ფილმზე მომუშავეები არამხოლოდ კომფორტულად ვგრძნობთ ჩვენს არჩეულ მსახიობებთან თავს, ასევე ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჯონი დეპი ჩვენს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს" - განაცხადა როულინგმა დეკემბრის დასაწყისში.

რედკლიფის თქმით, მისთვის ამ თემაზე საუბარი რთულია. ის მხარს უჭერს ფილმის პროდიუსერებს, რომლებმაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, თუმცა ამბობს, რომ იმ ადამიანების ესმის, რომლებიც როულინგის განცხადებით იმედგაცრუებულნი დარჩნენ:

"მესმის, რატომ არიან ადამიანები იმედგაცრუებულები ამ [ჯოან როულინგის] პასუხით. ისეთ არაფერს ვამბობ, რაც სხვებს ჯერ არ უთქვამთ და ერთი შეხედვით უცნაური შედარებაა, მაგრამ უამრავ ადამიანს მარიხუანის მოწევისთვის აპატიმრებენ და არის ქცევები, რომლებიც ბევრად უფრო საშიშია, რომლებსაც პატიობენ ადამიანებს, რადგან ისინი ცნობილები არიან. პოტერის ორიგინალ ფილმში ერთმა მსახიობმა საყვედური მიიღო მარიხუანის მოწევისთვის და აშკარაა, რომ ჯონი უფრო სახიფათო რამეშია ბრალდებული".

რედკლიფი მსახიობ ჯეიმი ვაილეტზე საუბრობდა, რომელიც ფილმში ჰოგვორტსის მოსწავლის და დრაკო მალფოის მეგობრის როლს ასრულებდა და ჰარის, ჰერმიონასა და რონის ჩაგრავდა. ვაილეტი ჰარი პოტერის ბოლო ორი ფილმიდან მოხსნეს, რადგან სახლში კანაფის 10 ძირი ჰქონდა დარგული და ამისთვის დააპატიმრეს კიდეც.

2016 წელს, ჯონი დეპის ყოფილმა ცოლმა, ამბერ ჰერდმა განაცხადა, რომ ურთიერთობის განმავლობაში ის დეპის მხრიდან ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მსხვერპლი იყო. წყვილმა დაშორების შემდეგ ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა:

"ჩვენი ურთიერთობა ვნებიანთან ერთად, ხანდახან ძალადობრივიც იყო, თუმცა ყოველთვის სიყვარული გვაერთიანებდა. არცერთ მხარეს წაუყენებია ყალბი ბრალდება, ფინანსური კეთილდღეობის მოპოვების მიზნით. არასდროს გვსურდა ერთმანეთისთვის ფიზიკური ან ემოციური ზიანის მიყენება. ამბერი ჯონის ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს და განქორწინებისას მიღებულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს".