იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სტამბოლის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორის, აჰმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების წინააღმდეგი იყო. მისი განმარტებით, ჩატაევი ციხიდან მაშინ გაუშვეს, როდესაც მთავარი პროკურორის პოსტს არჩილ კბილაშვილი იკავებდა:

"ჯერ კიდევ მაშინ მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამ ადამიანის ციხიდან გამოშვების წინააღმდეგი ვიყავი. ვემხრობოდი, რომ ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას პროკურატურას უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა, თუმცა იმ დროს პროკურატურა ახალი გათავისუფლებული იყო ადეიშვილის პოლიტიკისა და წნეხისგან, ბატონი არჩილ კბილაშვილის მმართველობის ქვეშ არის ეს მომხდარი".

საინფორმაციო სააგენტო Reuters თურქულ პროსახელისუფლებო გაზეთ Yeni Safak-ზე დაყრდნობით წერს, რომ ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზებაში შესაძლოა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყოს რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევი. თუმცა, თურქეთის ხელისუფლებამ Reuters-ს აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურა.

ჩატაევი 2012 წლის სექტემბერში ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, რის გამოც ის დააკავეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი, 2013 წლის 18 იანვარს, პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. აჰმედ ჩატაევი მალევე გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც მას ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა.