სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჩემს ბლოგში Medium-ზე.

წარმოიდგინეთ გემრიელი საღამო თანამოაზრეების წრეში. მეგობრები, კოლეგები, მოკლედ ის ადამიანები ვისთანაც ბევრი რამ გაქვთ საერთო და რომლებთანაც სიამოვნებით საუბრობთ უთვალავ თემაზე: ოჯახზე, სამსახურზე, პოლიტიკაზე, ტექნიკაზე, სიახლეებზე. რაღაც მომენტში ნებისმიერი ასეთი საუბარი გარდაუვლად მიისწრაფის ერთ წერტილში. ირკვევა რომ ეს თემა ყველას აწუხებს, ყველას ნაფიქრი აქვს და ყველას რაღაც აქვს სათქმელი. ცხადია ეს წერტილი, ეს თემა, თაობიდან თაობამდე, ჯგუფიდან ჯგუფამდე, წრიდან წრემდე და წლიდან წლამდე განსხვავებულია, მაგრამ დროის მოცემულ მომენტში, მოცემულ წრეში ხშირად ერთიდაიგივე თემა ტრიალებს.

ჰოდა სულ უფრო ხშირად ჩემს გარშემო ამდაგვარი საღამოს საუბრები კონვერგირებს ერთი კითხვის გარშემო: რა მომავალი ელის კაცობრობას მას მერე რაც, AI-ს ინტელექტი გადაასწრებს ადამიანისას?

ამ სტატიაში გაგაცნობთ ჩემს ნააზრევს ამ საკითხზე, რომელიც სინამდვილეში უფრო ნაკრებია იმისა რაც წამიკითხავს, მომისმენია თუ გამიგია და მერე გონებაში ან სხვასთან დისკუსიაში გადამიხარშია.

ყველას გაგიგიათ ცნობილი Musk vs. Zuckerber დავა. ამ ორის გარდა ბევრი სხვა ძალზე უფრო დასაბუთებული და ღრმა მოსაზრებაც არსებობს. ფილოსოფოსები აწყობენ კონფერენციებს, ექსპერტები აქვეყნებენ პროგნოზებს, მკვლევარები ქმნიან მოდელებს. ამ უამრავ, ჩემი აზრით თითქმის თანაბრად საფუძვლიან ვარაუდს ჩემთვის ერთ პატარა დიაგრამაში მოვუყარე თავი, რომელსაც ეხლა გაგაცნობთ.

ფოტო: გიორგი მამალაძე

ყველაფერი ეფუძნება იმ დაშვებას რომ ადრე თუ გვიან ხელოვნური ინტელექტი გაასწრებს ადამიანისას. მაგრამ როდის?

როდის გაგვისწრებს?

ბოლო დროს ბევრი გვესმის ნიუსებში AI-ს გამაოგენებლი წარმატებების შესახებ:

a) ამ გამაოგენებლი წარმატებების დიდი ნაწილი შელამაზებული და ძლიერ გაზვიადებულია ხოლმე. ავიღოთ მაგალითად ნიუსი იმის შესახებ რომ ორმა AI-მ ერთმანეთში სასაუბროდ საიდუმლო ენა გამოიგონა, სინამდვილეში უბრალო სისულელე აღმოჩნდა (იხ. ერთ-ერთი წყარო).

AI-ს საიდუმლო ენის შესაცებ შეტყობინება სისულელე აღმოჩნდა

b) მეორე ნაწილი ძალიან ვიწრო და კონკრეტულ უნარს შეეხება, მაგ. მარტო მაგიდის თამაშის მოგებას, ან ხმისა თუ გამოსახულების ამოცნობას. ხშირად ამდაგვარ ვიწრო ინტელექტს ბევრი შეზღუდვაც ახლავს. მაგალითად მართალია ნორმალური გამოსახულების ამოცნობის სიზუსტით ადამიანს ჯობნის, მაგრამ იმის ალბათობა რომ აბდაუბდა გამოსახულებაც რაიმე ობიექტად ამოცნობილ იქნას მაღალია. ასეთი შეცდომა ადამიანს არასოდეს მოუვა (იხ. ერთ-ერთი წყარო).

ამ ფერადი სიტიკერის გამო ნეირონულ ქსელს ბანანი გონია ტოსტერი

კიდევ ერთ გადაჭარბებული სენსაციის მაგალითსაც მოვიყვან. რამდენიმე თვის წინ დიდი აჟიოტაჟი ატყდა. არიქა მოსულა “Singularity”-ო, გუგლმა შექმნა AI, რომელიც მეორე AI-ს ატრეინინგებსო. ბევრმა ეს ისე წარმოიდგინა აი მასწავლებელი მოსწავლეს მთელს თავის ცოდნას რომ გადასცემს იმან რომ მას აჯობოს და მისი ნამუშევარი გააგრძელოს. სინამდვილეში გუგლის მაგ paper-ში მხოლოდ ის წერია რომ ორი ნეირონული ქსელი გააკეთეს, ერთი უშუალოდ ამოცანის გადასაწყვეტად, მეორე კიდე ვიწროდ სპეციალიზირებული ე.წ. პარამეტრების შესარჩევად და მოსასინჯად.

დასკვნა:

  1. ჩემი აზრით ბევრად უფრო შორს ვართ იმ მომენტიდან AI რომ გაგვასწრებს, ვიდრე ეს პოპულარული მედიების სენსაციური ნიუსების ფონზე საზოგადოების მიერ აღიქმება ხოლმე.

  2. ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ უახლოეს წლებში სწრაფი გარღვევა არ მოხდება. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს 30 წელს, ყველაზე ოპტიმისტები 5-ს.

კარგი, მოდით ეხლა დაუშვათ რომ გაგვასწრო. რა ხდება მერე? დავიწყოთ მარტივი და ლოგიკური სამი შტოთი: ან ჩვენ ვჯაბნით, ან ისისნი, ან ფრეა.

ჩვენ ვჯაბნით

1. პირველი სცენარი ასეთია: ცხადია დიდი ნაციები როგორიცაა შეერთებული შტატები და ჩინეთი (ევროპა?) სხვებზე სწრაფად მიაღწევენ წარმატებებს. ამის მერე ტექნოლოგიაზე კონტროლს ჩაიგდებს ხელში სახელმწიფო, დაარეგულირებს და გააკონტროლებს “ბოროტი” AI-ების შექმნას. აუკრძლავს და შეუზღუდავს სხვებს ამ ტექნოლოგიაზე წვდომას ატომური იარაღის მაგვარად. ეს სცენარი ჩემი და ბევრი სხვა ჩემზე კომპეტენტური ექსპერტის აზრით, ხელოვნური ინტელექტის ვირტუალური ბუნებისა და დღევანდელი ინფორმაციული გახსნილობის მოცემულობიდან გამომდინარე, ძალზე არაალბათია.

2. ეხლა, თუ AI-ზე წვდომის შეზღუდვა არ ხერხდება ბუნებრივია ბევრი კომპანია თუ კერძო პირი შექმნის ადამიანზე ჭკვიან AI-ს. ჩაიდება სხვადასხვა უსაფრთხოების მექანიზმები. ყველაზე ადრეული და პოპულარული მაგალითია აიზეკ აზიმოვის ცნობილ რომანში, მე რობოტი მოყვანილი რობოტიკის სამი კანონი, რომლებიც ასე ჟღერს:

I. პირველი კანონი: რობოტმა არ შეიძლება ავნოს ადამიანს, ან თავისი უმოქმედობით დაუშვას რომ ადამიანს ზიანი მიადგეს;

II. მეორე კანონი: რობოტი უნდა დაემორჩილოს ადამიანის მიერ მიცემულ ბრძანებებს თუ ეს ბრძანებები არ ეწინააღმდეგებიან პირველ კანონს;

III. მესამე კანონი: რობოტმა უნდა დაიცვას თავი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ ან მეორე კანონს

“გამაზული” რობოტი ფილმიდან I Robot

ეს სცენარიც უტოპიურია შემდეგი მიზეზების გამო:

მიზეზი 1: შეიქმება უმარავი ვარიანტი. ამ მრავალფეროვნების გამო გამორიცხულია რომ, რომელიმე ინდივიდს არ ქონდეს “გამორთული” ან “გამაზული” დაცვის კანონი.

მიზეზი 2: თუ AI-ს ინტელექტუალური უპირატესობა მოცემულობაა, გულუბრყვილოა გვჯეროდეს რომ ჩევენზე საზრიანი არსება ვერ “მოგვატყუებს” და ვერ მონახავს გზას და საშუალებას თავი იხსნას “ბორკილებისაგან”.

ფილმი Westworld-ის სცენა სადაც რობოტი ქალი ახერხებს დაწესებული ჩარჩოების გარღვევას და გათავისუფლებას

თავისუფლება რობოტებს

სანამ მეორე შტოს განხილვაზე გადავალთ ერთ ფილოსოფიურ მოსაზრებას გაგაცნობთ. ყველა ქვეყანაში არსებობს კანონების უზარმაზარი კრებულები, რომლებიც განსაზღვრავენ იმას თუ რა შეიძლება და რა არა. დარწმუნებული ვარ არც ერთი ჩვენთაგანი არ იცნობს თავისი ქვეყნის ყველა კანონს. მიუხედავად ამისა კანონმორჩილი საზოგადოების წევრები ვართ და კანონში ჩაუხედავად ვიცით რა არის კანონსაწინააღმდეგო საქციელი და რა არა. უმეტეს შემთვავაში თავისუფალ საზოგადოებაში ადამიანს აკავებს არა კანონის შიში არამედ შინაგან ღირებულებებზე დამყარებული, შეგნებული, რაციონალური გადაწყვეტილება მოიქცეს “წესიერად”.

სინამდვილეში, თანამედროვე, ინტელექტუალურ ადამიანებს საკუთარი თავის კომფორტისა და ბედნიერების სურვილი გქვაქცევს “კარგ” მოქალაქეებად და არა რაიმე მაღალმატერიალური იდეალების რწმენა ან რაიმე მკაცრი სასჯელის შიში.

ამ მოსაზრების მიმდევრები თვლიან რომ, ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემების თავისუფალ საზოგადოებაში სრულფასოვან ეკონომიურ აგენტებად ჩართვა ერთადერთი გამოსავალია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ისინი გამოიმუშავებენ ადამიანის მაგვარ თვითკონტროლის მექანიზმებს.

ისმის კითხვა: ვაიდა ისინი ჩვენსავით სათნო და ჰუმანურ არსებებად არ ჩამოყალიბდნენ და არ მოიქცნენ რაციონალურად ამ სიტუაციაში?

მოდი გამოვუტყდეთ საკუთარ თავს და ვაღიაროთ რომ ადამიანები სულაც არ ვართ სათნო არსებები. სავარაუდოდ ადამიანი პლანეტა დედამიწის ყველაზე აგრესიული და დაუნდობელი არსებაა. ადამიანის მიერ ამოჟლეტილი სხვა არსებები რომ დავივიწყოთ, მემგონი ადამიანი ერთადერთი არსებაა რომელსაც მთელი ისტორიის მანძილზე თავისი სახეობის ამდენი ინდივიდი ყავს დახოცილი. ამიტომ რამდენადაც ჩვენ, ბრუტალურ მონსტრებს, შეგვწევს უნარი ეკონომიკურად ხელსაყრელ გარემოში რაციონალურად, ურთიერთსასარგებლოდ ვიმოქმედოთ, იქნებ ისინიც, და შეიძლება უფრო ადვილადაც, შეძლებენ ამ სისტემაში თავიუფლებისა და ნაბაყოფლობითობის საფუძველზე ჰარმონიულად ინტეგრაციას?

თანაარსებობა

3. ანუ წარმოვიდგინოთ საზოგადოება სადაც ადამიანები თავისზე აღმატებული ინტელექტის მქონე “რობოტებთან” თანაარსებობენ. ნუთუ შესაძლებელია ასეთი თანაარსებობა? ნუთუ ჩვენ ადამიანები ასეთ შემთხვევაში ბედნიერები ვიქნებით?

რატომაც არა. მაგალითისათვის საკმარისია შევხედოთ კატას. ხშირად ხუმრობით ამტკიცებენ რომ, კატის გადმოსახედიდან ადამიანი მისი მფლობელი კი არა, არამედ მსახურია, რომელიც მას რაღაც მცირედი ყურადღების სანაცვლოდ უკომფორტულეს საარსებო პირობებს უქმნის და თავისუფლებასაც არ უზღუდავს.

ბუნებაში ხშირია ე.წ. სიმბიოზის შემთხვევები სადაც ორი ან რამოდენიმე ინტელექტუალურად არათანაბარი არსება ურთიერთხელსაყრელ სტაბილურ სისტემას ქმნის ერთმანეთის თავისუფლების საგრძნობლად შეზღუდვის გარეშე. ჩემი აზრით ამ ვერსიას წინა ვერსიებზე უფრო მეტი შანსი აქვს გადაიქცეს რეალობად.

4. შემდეგი ვარიანტი ჩემი პირადი ფავორიტია. რახანია ადამიანი მანქანებსა და კომპიუტერებს თავისი სისუსტეების დასაკომპენსირებლად იყენებს. სმარტფონი ფაქტიურად ჩვენი სხეულის ნაწილად გადაიქცა. ჩვენი ტვინისა და გარემო სამყაროსთან ურთიერთობისათვის საჭირო ორგანოების ფუნქციები შეთავსა და ჩაანაცვლა.

დასაშვებია რომ პირველი ადამიანზე ჭკვიანი არსება არა რაიმე დამოუკიდებელი კომპიუტერული სისტემის, არამედ ერთ ცნობიერებაში შერწყმული ადამიანისა და კომპიუტერის სახით მოგვევლინოს. ანუ გავაგრძელებთ არსებობას როგორც ვარსებობთ უბრალოდ ყველას გვექნება “ტვინის ექსთენშენი”. ზოგს ფირმა ეფლის, ზოგს გუგლის, ზოგს უფრო მძლავრი ზოგს კი შედარებით სუსტი. დროთა განმავლობაში საზღავრი ჩვენს ბიოლოგიურად ბუნებრივ და “extended” ტვინს შორის სულ უფრო ბუნდოვანი გახდება. ინდივიდებს შორის კომუნიკაციაც სულ უფრო სწრაფი და გახსნილი (გამჭვირვალე) გახდება. ეს ინდივიდებს შორის საზღვარსაც გააქრობს და ყველანი ერთ დიდ საერთო ცნობიერებად გადავიქცევით (იხ. ფილმი Avatar).

ვისაც გაინტერესებთ თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეს პროცესი “ნელ-ნელა” და შეუმჩნევლად, მოისმინეთ ამ ჩემი თოქის შესაბამისი ნაწილი, აქაც მსგავს აზრს ვავითარებ.

ისინი გვჯაბნიან

როგორც ბუნებით ოპტიმისტ ადამიანს ძალიან არ მინდა ზემოთ დიაგრამაში მოყვანილი სამი დისტოპიური ვარიანტის აღიარება. თქვენ გჯერათ რომელიმე ერთის? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება.

თავისუფლება <=> იტელექტი

პესიმისტურ ნოტაზე რომ არ დავამთავრო რამოდენიმე დასკვნით აზრს მოგახსენებთ. გამჭრიახი გონების მქონე, დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანის დამონება შეუძლებელია. ამიტომაა ტოტალიტარული რეჟიმები მოსახლეობის გამოლენჩებაზე ამდენ ენერგიას რომ ხარჯავენ. ამიტომ ხოცავენ და ატერორებენ პირველ რიგში ინტელექტუალებს. ანუ მემგონი ყველანი ვთანხმდებით იმაზე რომ მეტი ინტელექტი ილტვის მეტი თავისუფლებისაკენ. ნაკლებ ინტელექტს ჩარჩოში ცხოვრებაც არ უჭირს. პირიქით გარკვეულ კომფორტსაც შეიგრძნობს გადაწვეტილებების მიღება და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის თავზე აღება რომ არ უხდება.

უკუკავშირის არსებობაც საკმაოდ ბუნებრივია: მეტი თავისუფლება მეტი ტვინის განძრევას საჭიროებს. მეტი გადაწყვეტილებებია შეგნებულად მისაღები, აღარ გაქვს მზა ინსტრუქციები, ჩარჩოები და სამოძრაო ბილიკები.

ავტონომურად მოძრავი ლიფტი საუკუნეზე მეტია არსებობს. ძალიან მცირე ხელოვნური ინტელექტი ესაჭიროება შეზღუდული არჩევანის გამო (სულ რაღაც n სართულზე შეუძლია შეჩერება). აი მატარებელს უფრო მეტი თავისუფლების ხარისხი აქვს და შესაბამისად ავტონომურად მოძრავი მატარებლის ინტელექტიც ბევრად უფრო მეტია.

ავტონომური ავტომობილი, რომელსაც ჩვეულებრივ გზაზე სრულიად დამოუკიდებლად მოძრაობა შეეძლება ჯერ კიდევ მომავლის ამბავია, მაგდენად ინტელექტუალური მანქანა ჯერაც ბოლომდე ვერ შევქმენით.

ანუ მე პირადად ამ ორმხრივ კავშირს ვხედავ:

მეტი ტვინი <=>მეტი თავისუფლება,

ნაკლები თავისუფლება <=> ნაკლები ტვინი.

რავი, მე რაშიც ვერკვევი იმას ვწერ, მანქანებში და კომპიუტერებში ეგრეა. არ მგონია ადამიანებსა და საზოგადოებაში სხვანაირად რომ იყოს.