ბიტკოინის მომპოვებელი კომპანია Bitfury ჯგუფი, ელექტროენერგიის გადასახადის მატებასთან და მათთვის სპეციალური ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს და ელექტროენერგიის ხარჯებს ასაჯაროებს.

Bitfury ჯგუფის წარმომადგენლის ეფრემ ურუმაშვილის განცხადებით კომპანიას საქართველოში ოპერირების არც ერთ ეტაპზე არ უსარგებლია არანაირი შეღავათით ელექტროენერგიის ტარიფთან მიმართებით და ყოველთვის იხდიდნენ ბაზარზე არსებულ/დადგენილ ტარიფს.

ფოტო: Bitfury ჯგუფი

განცხადებაში ასევე აღნიშნულია რომ თბილისის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ, 2016 წლიდან, ინვესტორების მოზიდვის მიზნით კომპანიების განთავსებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შექმნა დაიწყო, რითაც Bitfury ჯგუფთან ერთად არაერთმა კომპანიამ ისარგებლა. ეფრემ ურუმაშვილის განცხადებით თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მაინინგის პროცესი არ წარმოადგენს მათ ექსკლუზიურ უფლებას. ამის დასტურია ის, რომ ფუნქციონირების მოკლე დროის განმავლობაში, სამმა სხვადასხვა ინვესტორმა კომპანიამ უკვე ააშენა მაინინგისათვის განკუთვნილი დატაცენტრები:

"ამასთან კიდეც ერთხელ ვადასტურებთ, რომ დღეის მდგომარეობით „საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან“ არ გვაქვს არც საქმიანი და არც პარტნიორული ურთიერთობა, მათგან აღებული სესხით ვსარგებლობდით 2014 წელს,რაც შემდგომში (2015 წელს) ჩანაცვლდა სს „საქართველოს ბანკის“ სესხით, რომელთანაც ვთანამშრომლობთ დღემდე. ამასთან აღვნიშნავთ, რომ ასევე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია წილობრივი მონაწილეობა „ბიტფური ჯგუფში“."

ბიტფიური ჯგუფს, ბოლო პერიოდში, პოლიტიკოსები ადანაშაულებდნენ შეღავათიან ფასად ელექტროენერგიის მიღებაში, რამაც, მათი მტკიცებით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნისა და ფასის ზრდა გამოიწვია.

ბიტფიური ჯგუფს 2015 წელს, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გლდანში სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა 18,5 ჰექტარი მიწა კრიპტოვალუტა ბიტკოინის მომპოვებელი ცენტრის ასაშენებლად. მაშინ აღნიშნულმა კომპანიამ სესხი მიიღო ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული თანაისნვესტირების ფონდისგან. მოგვიანებით, ბიტფიური ჯგუფმა თქვა, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ბიძინა ივანიშვილთან და თანაინვესტირების ფონდთან.

ბიტფიური ჯგუფი გლდანში ფლობს ბიტკოინის მაინინგ ცენტრს. აღნიშნული ცენტრის გამართული მუშაობა ელექტროენერგიის დიდ რესურსს საჭიროებს. უფრო მეტი კრიპტოვალუტის შესახებ, გაიგეთ აქ.