პოეტმა ზვიად რატიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს თვითრეგულირების მექანიზმში უჩივლა. მისი სახელით პოეტებმა საჩივარი მაუწყებელში დღეს, 12 იანვარს, შეიტანეს.

პოეტი მიიჩნევს, რომ 27 დეკემბერს საინფორმაციო გამოშვება მოამბეში, 18 საათზე გასული მასალით, მისი პერსონალური ინფორმაცია გავრცელდა, მასალით მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა. მისი აზრით, ვიდეოების გამოქვეყნება აუცილებელი არ იყო, რადგან მან თავადვე აღიარა პოლიციელის შეურაცხყოფა.

"ორივე მათგანში[ვიდეოში] ვარ ჩემთვის მიუღებელ მდგომარეობაში - ვიმყოფები არაფხიზელ მდგომარეობაში და პოლიციის წარმომადგენლების მიმართ ვიყენებ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს (რაც როგორც არაერთხელ განვმარტე, გამოწვეული იყო პოლიციის წარმომადგენლების მიერ ჩემს მიმართ არასათანადო მოპყრობით). ასევე ჩანაწერში ისმის პატრიარქის სავარაუდო შეურაცხყოფა", - წერს რატიანი საჩივარში.

პოეტი განმარტავს, რომ ჩანაწერებში მისთვის მიუღებელ მდგომარეობაშია და მისი გავრცელებით შეილახა მისი პატივი და ღირსება. ის ითხოვს დადგინდეს რამდენად დაიცვა ჟურნალისტმა ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის.

პოეტის განმარტებით, იმის გამო, რომ ჩანაწერში პატრიარქის სავარაუდო შეურაცხყოფაც ისმის, მისი გავრცელებით მის მიმართ სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენება და მუქარა მოჰყვა.

"თავად ჟურნალისტი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ჩანაწერები (რომელიც ასევე არ არის უწყვეტი) მის მიერაც არ არის დამონტაჟებული და შესაძლებელი იყო იმგვარი ფორმით გამოქვეყნება, რომ ჩემს მიმართ საზოგადოების ასეთი რეაქცია თავიდან ყოფილიყო აცილებული", - აღნიშნავს რატიანი.

პოეტის მოთხოვნები

  1. დადგინდეს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნათა - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპისა და ჯეროვანი სიზუსტის დარღვევა საზოგადოებრივი მაუწყებლის სადავო მასალებში;
  2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმიდან (მაგ. ვებგვერდი, YouTube არხი, facebook გვერდი) სადავო მასალების აღებას;
  3. მომავალში აღარ გამოიყენოს სადავო ჩანაწერები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს ვებგვერდზე, შემდეგ კი საინფორმაციო გამოშვებაში ზვიად რატიანის საქმეზე გამოაქვეყნა შსს-ს ვიდეომასალა, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო. გამოქვეყნებული ვიდეო დამონტაჟებულია. იგივე მასალა On.ge-მაც მოითხოვა შსს-სგან, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია.