საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ, ევა გოცირიძემ დღეს, 12 იანვარს, ფიცი დადო. ის სასამართლოში პარლამენტის კვოტით, 10-წლიანი ვადითაა არჩეული და ამ თანამდებობაზე ლალი ფაფიაშვილი შეცვალა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ევა [გოცირიძე] ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ განვითარებაში",- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ევა გოცირიძე მანამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. ის ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატადაც განიხილებოდა, თუმცა, საქართველოდან წარდგენის მიუხედავად, ის არ შეარჩიეს. მისი არჩევის წინააღმდეგები იყვნენ, როგორ არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ოპოზიციური პარტიების ნაწილი.

"ალბათ, ძნელია, მოიძებნოს რომელიმე ისეთი კანდიდატი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობისა, რომლის მიმართაც ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება ერთგვაროვანი აზრი,"- განაცხადა ევა გოცირიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობის დროს ევა გოცირიძეს ეკუთვნის მოსამართლეთა მიმართ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატივა. მას მიაჩნდა, რომ არსებობს კრიტიკის დასაშვები ზღვარი.