მიკროღალატი ახალი ტერმინია, რომელიც რამდენიმე დღეში მთელმა ინტერნეტმა აიტაცა. რა არის ღალატი - მეტნაკლებად ვიცით, მაგრამ რა არის მიკროღალატი?

წარმოიდგინე, რომ შენმა შეყვარებულმა საყვარელ სერიალს სხვა ადამიანთან ერთად უყურა, ან შენმა მეუღლემ ბარში წასვლის წინ ბეჭედი მოიხსნა. სწორედ ასეთი საწყენი, მაგრამ ფართოდ გავრცელებული ქცევების აღსაწერად მოიფიქრეს ეს ტერმინი.

როგორც ჩანს, მიკროღალატი ქალებისთვის და კაცებისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს.

Thought Catalog-ის ერთ-ერთი ავტორი მიკროღალატის მაგალითებს აქვეყნებს. სია ბიჭების მხრიდან მიკროღალატს ეხება. აქვე დავამატებთ, რომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში თავად წყვილი წყვეტს, რა არის დაშვებული მათ ურთიერთობაში და რა - არა, თუმცა ამ პუნქტების დიდი ნაწილი ჩვეულებრივ ღალატშიც შეგვიძლია გავიყვანოთ.

1. როცა ბიჭი სხვა გოგოს ისეთ კითხვას უსვამს, რომელზე პასუხსაც ადვილად იპოვიდა გუგლში.

2. როცა მიმტანს ან ბარისტას გულუხვ "ჩაის" უტოვებს მხოლოდ იმიტომ, რომ ესექსუალურება.

3. როცა ყველა ლამაზ გოგოს უმეგობრდება სოციალურ ქსელში და მათ სიახლეებს აქტიურად ეხმაურება.

4. როცა სხვა გოგოსთან სექსუალურ, პროვოკაციულ თემაზე იწყებს საუბარს.

5. როცა შენი ნომერი სხვა სახელით უწერია მობილურში.

6. როცა საჯაროდ ცვლის შიდა ხუმრობებს სხვა გოგოსთან. იგულისხმება ისეთი ხუმრობები, რომელთა შინაარსიც შენ არ გესმის.

7. როცა კონკრეტული გოგოს ინსტაგრამ ან ფეისბუქ-გვერდს აქტიურად ამოწმებს და იმაზე ხშირად შედის მასთან ინტერნეტ-ინტერაქციაში, ვიდრე საკუთარ შეყვარებულთან.

8. როცა სხვა გოგოსთან ემოციურად გახსნილია და შენ ამავე თემაზე არაფერს გეუბნება.

9. როცა სპეციალურად არ ახსენებს შენს არსებობას მეგობრებთან, კოლეგებთან ან ოჯახის წევრებთან.

10. როცა დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმაზე, რომ სოციალურ ქსელში მოძებნოს გოგო, რომელსაც შემთხვევით გადაეყარა ქუჩაში ან კლუბში.

11. როცა ურთიერთობის სერიოზულობას განზრახ უგულებელყოფს. მაგალითად, შეიძლება ერთად ცხოვრობდეთ და სხვები დაარწმუნოს, რომ მხოლოდ სექსი გაქვთ.

12. როცა ერთმნიშვნელოვნად უარყოფს, რომ დაკავებულია, თუნდაც, სულაც არ აპირებდეს ღალატს.

13. როცა საათებს ატარებს სხვა გოგოზე ფიქრში.

14. როცა მის ცხოვრებაში რაღაც კარგი ამბავი ხდება და ამას პირველს შენ არ გიზიარებს.

15. როცა ყოფილს სწერს და რომელიმე მნიშვნელოვან თარიღს ახსენებს, რათა მასში ნოსტალგია გამოიწვიოს.

16. როცა სხვა ადამიანს ზედმეტად ძვირფას საჩუქარს უკეთებს ან მისთვის ზედმეტად იწუხებს თავს (ცდილობს, რთულად საშოვნელი ბილეთები აყიდინოს ან დაჰყვება მანქანის ხელოსნებთან).

17. როცა სხვა გოგოს ეუბნება, რომ წინა ღამეს დაესიზმრა.

18. სხვა გოგოსთვის თბილი მესიჯების გაგზავნა ძილის წინ ან გაღვიძებისთანავე (დილა მშვიდობისა! ტკბილ ძილს გისურვებ!).

19. ბევრი ფულის დახარჯვა რაიმეზე, მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა გოგომ ეს შეამჩნიოს.

20. სხვა გოგოსთვის იმედების შთაგონება იმასთან დაკავშირებით, რომ მალე მარტოხელა იქნება.

21. რომანტიკული შეხვედრის მიზნით რაიმე საქმიანი საბაბის მოგონება. როცა ერთ მხარეს ჰგონია, რომ საქმეზე სალაპარაკოდ შეხვდნენ, მეორე მხარეს კი უბრალოდ შეხვედრა უნდოდა.

22. სხვა გოგოსთან ისეთი საქმიანობით დაკავება, რაზეც შეყვარებული უარს არ იტყოდა (ველოსიპედით გასეირნება, კონკრეტულ რესტორანში წასვლა, რომელიმე ფილმის ნახვა) - ეს იმ დროს, როცა შეყვარებულსაც სცალია.

23. ექსთან იმ დღეს დაკონტაქტება, როცა მათი ურთიერთობის წლისთავი იქნებდა.

24. წინა შეყვარებულის მიერ ნაჩუქარი გამოუსადეგარი (ეს აქ მთავარი სიტყვაა) ნივთის ან ტანსაცმლის შენახვა მხოლოდ კეთილი მოგონებების გამო.

25. როცა შენთან სხვა გოგოს აკრიტიკებს მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე არ იეჭვო, სინამდვილეში კი მისით აღფრთოვანებულია.

26. სხვა გოგოსთვის საკონტაქტო ინფორმაციის გამორთმევა იმ საბაბით, რომ შეიძლება მომავალში საქმიანი შეხება ჰქონდეთ, როცა სინამდვილეში საქმიან ურთიერთობას არ აპირებს მასთან.

27. შეყვარებულთან ერთად ყოფნისას სხვა გოგოსთან საუბარში ჩაძირვა.

28. ბეჭდის მოხსნა განზრახ, სანამ ლამაზ გოგოს დაელაპარაკებოდეს.

ბლოგპოსტს გაგრძელებაც მოჰყვა, რომელშიც გოგოებისა და ქალების მხრიდან მიკროღალატის მაგალითები იყო განხილული.

რამდენიმე მაგალითი:

1. სპეციალურად წასვლა იმ ღონისძიებაზე, სადაც მისი ყოფილი შეყვარებულიც იქნება.

2. ჩხუბის შემდეგ გამომწვევად ჩაცმა და სახლიდან გასვლა იმ ფაქტისთვის ხაზგასასმელად, რომ თქვენს შემცვლელს ნებისმიერ მომენტში იპოვის.

3. სხვა ადამიანებისთვის ურთიერთობის რეალური სტატუსის დამალვა ან თავის ისე მოჩვენება, თითქოს შეყვარებულის არსებობის მიუხედავად, მზადაა სექსისათვის.

4. სხვა ბიჭისთვის სასაცილო ან საყვარელი მეტსახელის შერქმევა

5. საკუთარ თაყვანისმცემლებთან მხოლოდ იმ მიზნით დაკონტაქტება, რომ მათ კომპლიმენტები უთხრან და ამით თვითშეფასება აიმაღლოს.

6. გარყვნილი ხუმრობები მხოლოდ ერთი კონკრეტული ობიექტის გასართობად.

7. სიცილი იმ ხუმრობებზე, რომლებიც სასაცილო არაა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხუმრობის ავტორი მოსწონს.

და ასე შემდეგ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია ამ პუნქტებთან დაკავშირებით ტერმინი მიკროღალატი?