საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მაუწყებლობის შესახებ კანონზე დასაბუთებული მოსაზრებები გამოითქვა. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო ეს შეხვედრა მედია კოალიციასთან. მათ გამოხატეს შეხვედრის სურვილი და ბუნებრივია, ჩვენ ღია ვართ ამგვარი კომუნიკაციისთვის, როგორც ამ, ასევე სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან თუ სხვა დაინტერესებულ უწყებებთან", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

იმის მიუხედავად, რომ დარგობრივმა კომიტეტმა პირველი მოსმენით დათქმით მიიღო, მეორე და მესამე მოსმენით კი მხარი არ დაუჭირა პროექტს პარლამენტმა კანონპროექტი სამივე მოსმენით მაინც მიიღო.

ცვლილებების პროექტით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის დამატებით განთავსების უფლება ექნება და რიგ შემთხვევაში ტენდერის გარეშე მომსახურების შეძენა შეეძლება.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია მიიჩნევენ, რომ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან.

მათი განცხადებით, კანონის პროექტი ზღუდავს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცულ საჯარო ინფორმაციაზე წვდომას და აწესებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ბევრად დაბალ სტანდარტს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მაუწყებლის მიერ განხორციელებულ შესყიდვათა მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველო კანონის შესაბამისად.

არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას იზიარებენ კერძო ტელევიზიების უმრავლესობა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ დღეს განაცხადა, რომ ვეტოს დადების შემთხვევაში ქართული ოცნება მის დაძლევას აპირებს.