თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ თავისი ქმრის მიმართ დღეს, 12 იანვარს ბაქოში გამოტანილი განაჩენი, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილებაა:

"ეს არის ორგანიზებული დანაშაული, რომელიც საქართველოში დაიწყო და აზერბაიჯანში გაგრძელდა. ის საქართველოში გაიტაცეს 8 თვის წინ. ორივე ქვეყნის მთავრობაა პასუხისმგებელი მის დაკავებაზე".

ლეილა მუსტაფაევას თქმით, პროკურორმა მუხტარლისთვის 8-წლიანი სასჯელი მოითხოვა, ის სამი მუხლი კი, რომლითაც მას ბრალი წარედგინა 7 წელს ითვალისწინებდა. მუსტაფაევა ფიქრობს, რომ დამატებით ერთი წელი პოლიტიკურ დაკვეთაზე მიუთითებს:

"აფგანი დამნაშავე არ არის და ყველა ის ბრალი, რაც მას წაუყენეს, პოლიტიკურად მოტივირებულია. ის დააკავეს მისი პროფესიული აქტივობის გამო - იძიებდა ილჰამ ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესს საქართველოში. ასევე, მისი კრიტიკული ფეისბუქ პოსტებისა და სტატიებისთვის, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შეეხებოდა. აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებმა გაანეიტრალეს ერთი საგამოძიებო ჟურნალისტი, მისი თავისუფლების შეზღუდვითა და ციხეში ჩასმით. მიუხედავად ამისა, მე და მისი კოლეგები გავაგრძელებთ ამ საქმეების გამოძიებას".

აფგან მუხტარლის საქმის განხილვა ბელაქანის რაიონულ სასამართლოში დღეს, 12 იავნარს დასრულდა. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხტარლის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთასა და 10 ათასი ევროს არადეკლარირებულად გადატანას ედავებიან.

თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს და მას უკვე შეეფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.

მუხტარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მუხტარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო.