საინფორმაციო სააგენტო Reuters თურქულ პროსახელისუფლებო გაზეთ Yeni Safak-ზე დაყრდნობით წერს, რომ ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზებაში შესაძლოა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყოს რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევი. თუმცა, თურქეთის ხელისუფლებამ Reuters-ს აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურა.

რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთიდან, აჰმედ ჩატაევი, საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლის სექტემბერში დააკავა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის ფარგლებში. ოფიციალური ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცავებმა ლაფანყურის ტყეში შეიარაღებულ დივერსანტთა ჯგუფთან მოლაპარაკების მიზნით, სწორედ ჩატაევი გააგზავნეს, თუმცა, ის აღნიშნულ პირებთან დარჩა და შეტაკებისას დაიჭრა. მოგვიანებით, რამდენიმე დღეში ის დააკავეს. მიღებული ჭრილობის გამო აუცილებელი გახდა მისი ერთი ფეხის ამპუტაცია. აჰმედ ჩატაევი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი, 2013 წლის 18 იანვარს, პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. აჰმედ ჩატაევი მალევე გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც მას ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა.

აჰმედ ჩატაევი, საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლის სექტემბერში დააკავა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის ფარგლებში.

აჰმედ ჩატაევი, ქართული სასამართლოს წინაშე შეცვლილი სახელით, დავიდ მაიერად წარდგა, რუსეთი მის ექსტრადირებას ითხოვდა, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებისგან უარი მიიღო. უცხოური მედიის ინფორმაციით, აჰმედ ჩატაევი ავსტრიიდან სირიაში გაემგზავრა, სადაც ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ფრთას ჩაუდგა სათავეში, რომელიც დაჯგუფების რუსულენოვან მებრძოლებს მართავს.

Reuters-ის ცნობით, ჩატაევის გარდა, ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

28 ივნისს, ღამით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში, აფეთქებას სულ 42 ადამიანი ემსხვერპლა, 239 კი დაშავებულია. მომხდარზე ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.

სამართალდამცავი ორგანოები კი ჯერჯერობით არ ასაჯაროვებენ ინფორმაციას იმ 3 თვითმკვლელ ტერორისტთან დაკავშირებით, რომლებმაც აეროპორტში თავი აიფეთქეს.

ვიდეომასალის შესწავლისა და თვითმხილველების დაკითხვის შედეგად, თურქი გამომძიებლები ამბობენ, რომ თვითმკვლელი ტერორისტები, სავარაუდოდ, ISIS-ის წევრები იყვნენ.

ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის 5 საუდის არაბეთის, 2 კი ერაყის მოქალაქეა. გარდა ამისა, გარდაცვლილები არიან ჩინეთის, იორდანიის, ტუნისის, უზბეკეთის, ირანისა და უკრაინის მოქალაქეები.