საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების წევრი, სოფო კილაძე ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტოს დაადებს მას დაძლევენ. ცვლილებების პროექტით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის დამატებით განთავსების უფლება ექნება და რიგ შემთხვევაში ტენდერის გარეშე მომსახურების შეძენა სეეძლება.

"ჩვენ როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხარს ვუჭერდით საზოგადობრივი მაუწყებლის რეფორმირებას და მის გაძლიერებას და განვითარებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისადაც მივიღებთ მომდევნო გადწყვეტილებას და დავძლევთ ვეტოს, თუ ის გამოყენებული იქნება", - აღნიშნა კილაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.

მაუწყებლობის კანონზე შეხვედრებს აგრძელებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. ანა ნაცვლიშვილი ამ საკითხზე შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გეგმავს.

იმის მიუხედავად, რომ დარგობრივმა კომიტეტმა პირველი მოსმენით დათქმით მიიღო, მეორე და მესამე მოსმენით კი მხარი არ დაუჭირა პროექტს პარლამენტმა კანონპროექტი სამივე მოსმენით მაინც მიიღო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია მიიჩნევენ, რომ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან.

მათი განცხადებით, კანონის პროექტი ზღუდავს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცულ საჯარო ინფორმაციაზე წვდომას და აწესებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ბევრად დაბალ სტანდარტს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მაუწყებლის მიერ განხორციელებულ შესყიდვათა მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველო კანონის შესაბამისად.

არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას იზიარებენ კერძო ტელევიზიების უმრავლესობა.