გიგა ოთხოზორიას საქმეზე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა.

ორგანიზაციამ საოკუპაციო ხაზთან მოკლულის ოჯახის წევრების სახელით მიმართა სასამართლოს.

საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანთა მიმართ რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაზე მიუთითებს.

მომჩივნის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

გიგა ოთხოზორიას საქმე

30 წლის გიგა ოთხოზორია, 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.

მას შელაპარაკება მოუვიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებთან, ე.წ. მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ დატოვა გამშვები პუნქტის ტერიტორია და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას დაედევნენ ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები, მათ შორის, შეიარაღებული მესაზღვრე-რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. აღნიშნულის შემდეგ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას, თავის არეში, საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

არსებობს აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრებიც. გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ინციდენტის შემდეგ, რაშიდ კანჯი-ოღლი თანმხლებ პირებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა.

2017 წლის 31 მაისს, აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ სცნეს და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეის მდგომარეობით რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.