ასტროფიზიკოსებს სჯერათ, რომ მომავალი 12 თვის მანძილზე ისინი ისეთი რაღაცის გაკეთებას შეძლებენ, რაც აქამდე არასდროს გაკეთებულა - ეს კი სამყაროს მიმართ ჩვენს ცოდნას სრულიად ახალ საფეხურზე დააყენებს.

შავი ხვრელი სივრცის ის წერტილია, სადაც გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ სამყაროში ყველაზე სწრაფი სინათლეც კი ვერ აღწევს თავს. მისი არსებობა ალბერტ აინშტაინმა თავის ფარდობითობის ზოგად თეორიაში იწინასწარმეტყველა, თუმცა, მასაც კი არ სჯეროდა, რომ შავი ხვრელის არსებობას სამყარო დაუშვებდა.

დღემდე არ გვაქვს პირდაპირი მტკიცებულება, რომ ისინი ნამდვილად არსებობს. არავის არ დაუნახავს, არავის არ გადაუღია. Event Horizon Telescope (EHT - მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი) კი ამას შეძლებს!

EHT ერთი ტელესკოპი არ არის. ის მსოფლიოს გარშემო არსებული ტელესკოპების უზარმაზარი ქსელია. ჰარმონიულად მუშაობით ამ მოწყობილობებს შეუძლიათ შავი ხვრელის გადაღებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი უზრუნველყონ.

„პირველ რიგში, გჭირდება ულტრა-მაღალი გადიდება - დაახლოებით იმხელა, რომ ლოს ანჯელესში მყოფი გოლფის ბურთის ჩაღრმავებების დათვლა შეძლოთ ნიუ-იორკიდან“. - ამბობს EHT-ს დირექტორი შეფერდ დოლიმენი Futurism-თან ინტერვიუში.

დოლიმენის თქმით, შემდეგ გვჭირდება მოვნახოთ გზა, რომ ჩვენი გალაქტიკის და თვითონ შავი ხვრელის გარშემო არსებული აირების „წინაღობა“ დავძლიოთ და დავინახოთ ის, რისი დანახვაც გვინდა. ეს კი მოითხოვს დედამიწის ზომის ტელესკოპს - სწორედ აქ შემოდის EHT.

EHT-ს გუნდმა „დედამიწის ზომის ვირტუალური ტელესკოპი“ შექმნა მთელ პლანეტაზე არსებული ინდივიდუალური რადიოტელესკოპების თეფშების ქსელის გამოყენებით.

მათ თეფშები ისე დაასინქრონიზირეს, რომ მათ შეუძლიათ ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე წერტილს დააკვირდნენ და აღრიცხონ მათ მყარ დისკებზე მოხვედრილი რადიოტალღები.

იდეა ის იყო, რომ როცა მეცნიერები ამ მონაცემებს გააერთიანებდა მოგვიანებით, ისინი მიიღებდნენ ისეთ სურათს, რომელსაც დედამიწის ზომის ერთი ცალი ტელესკოპი გადაიღებდა.

2017 წლის აპრილში, EHT-ს გუნდმა თავისი გიგანტური ტელესკოპი პირველად გატესტა.

ხუთი ღამის განმავლობაში, მსოფლიოს გარშემო არსებული რვა თეფში ირმის ნახტომის ცენტრისკენ იყო მიმართული - მშვილდოსანი A*-სკენ, სადაც ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი იმალება.

სამხრეთ პოლუსის ტელესკოპიდან მიღებულმა მონაცემებმა MIT-ის Haystack Observatory-მდე დეკემბრის შუა რიცხვებამდე ვერ მიაღწია, რადგან ამ რეგიონიდან ფრენები შეზღუდული იყო.

ახლა კი მკვლევრებს რვავე რადიოთეფშიდან აქვთ მონაცემები, ამიტომ შეუძლიათ დაიწყონ ანალიზის გაკეთება იმ იმედით, რომ ისინი შავი ხვრელის პირველ ფოტოს მიიღებენ.

შავი ხვრელის სურათი არა მხოლოდ მისი არსებობის პირდაპირი მტკიცებულება იქნება, არამედ ის ჩვენი სამყაროს შესახებ სრულიად ახალ რამეებს გვასწავლის.

„შავი ხვრელების გავლენა ჩვენს სამყაროზე უზარმაზარია“ - ამბობს დოლიმენი.

„ამჟამად მიჩნეულია, რომ გალაქტიკების ცენტრში არსებული ზემასიური ხვრელები და თვითონ გალაქტიკები კოსმოსურ დროში ერთად ევოლუციონირებენ, ამიტომ მოვლენათა ჰორიზონტის დაკვირვება საშუალებას მოგვცემს, უფრო დიდ მასშტაბებზე შევიცნოთ ჩვენი სამყარო“.

მომავალში კი მეცნიერებმა დროთა განმავლობაში შესაძლოა ცალკეული შავი ხვრელების (და არა გიგანტური, გალაქტიკის ცენტრშ მდებარე ზემასიური შავი ხვრელების) ფოტოები გადაიღონ.

დოლიმენის თქმით, ეს მეცნიერების საშუალებას მისცენ, დაადგინონ, მართალი იყო თუ არა ალბერტ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია შავი ხვრელების საზღვართან, ასევე შეისწავლონ, როგორ ფორმირდება შავი ხვრელები და როგორ შთანთქავენ ისინი მატერიას.