ვიკილიქსის დამფუძნებელ ჟულიან ასანჟს ეკვადორის მთავრობამ მოქალაქეობა მიანიჭა და დიდი ბრიტანეთს მისთვის დიპლომატიური სტატუსის მინიჭების თხოვნითაც მიმართა, თუმცა უარი მიიღო. დიპლომატიური სტატუსი მას საელჩოს შენობისა და ქვეყნის დატოვების საშუალებას მისცემდა.

ასანჟი უკვე ხუთი წელია, თავს ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს აფარებს, რათა დაპატიმრება აიცილოს თავიდან. შვედეთის მთავრობის მოთხოვნით, მას სექსუალური ძალადობის საქმეზე ეძებენ. თუ ის საელჩოს შენობას დატოვებს, დაუყონებლივ დააპატიმრებენ. ასანჟი დარწმუნებულია, რომ დაპატიმრების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები მის ექსტრადირებას მოითხოვს.

ამერიკელი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ ვიკილიქსის მიერ საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებამ საფრთხე შეუქმნა აშშ-ს ინფორმატორებსა და წყაროებს ერაყში, ავღანეთა და სხვა ქვეყნებში.

ვიკილქსმა ავღანეთისა და ერაყის ომებთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები 2010 წელს გამოაქვეყნა. აღნიშნული დოკუმენტები ვიკილიქსს ამერიკელმა სამხედრომ, ბრედლი მენინგმა მიაწოდა. როგორც ის აცხადებდა, დოკუმენტების გამოქვეყნების მიზანი აშშ-ს სამხედრო დანაშაულებების გამოაშკარავება და მისი საგარეო პოლიტიკის შესახებ ქვეყანაში დისკუსიის დაწყება იყო. მენინგს შპიონაჟისთვის მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა პრეზიდენტ ობამას მიერ მინიჭებული შეღავათების შედეგად, მენინგმა ციხე 2017 წელს დატოვა.