პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მაუწყებლობის შესახებ კანონში ახლადმიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს:

"საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება, 15 იანვარს არის ის ბოლო თარიღი, როდესაც პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონის ხელმოწერასთან დაკავშირებით".

ანა ნაცვლიშვილის თქმით, არაერთი მოსაზრება არსებობს იმაზე, რომ ამ კანონში არის მნიშვნელოვანი რისკები, რომლებმაც შესაძლებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეფექტურ ფუნქციონირებასა და მის ბუნებას საფრთხე შეუქმნას:

"ჩვენ აქტიურად ვაანალიზებთ ამ რისკებს, ყველა არგუმენტს, ყველა დასაბუთებულ პოზიციას, რომელიც აქამდე იყო გამოხატული ამ საკითხთან მიმართებაში".

ორგანიზაციამ კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ანა ნაცვლიშვილს ჯერ კიდევ ხელმოუწერელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა სთხოვა.

14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს.

მანამდე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია - მიიჩნევენ, რომ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან.