ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების რისკი არსებობს. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

კვლევაში დასახელებული პრობლემები

  • თავშესაფრის მაძიებლებს არ აქვთ ინფორმაცია თავშესაფარზე უარის თქმის შესახებ, როს გამოც ვერ სარგებლობენ კონსტიტუციით დაცული, სამართლიანი სასამართლოს უფლებით;
  • სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებები და გადაწყვეტილებები, რომელიც თავშესაფარზე უარის თქმას შეეხება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არაა და კონსტიტუციით განმტკიცებულ ინფორმაციის საჯაროობის პრინციპს არღვევს.

თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, 95 თავშესაფრის მაძიებელს თავშესაფარზე უარი სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით ეთქვა.

"განხილული სტატისტიკური მაჩვენებლები ეჭვს ბადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სამინისტრო შესაძლოა საკანონმდებლო ხარვეზს თავშესაფრის მაძიებლებისათვის თავშესაფარზე უარის თქმისათვის იყენებდნენ... აღნიშნულს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ, სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული თავშესაფრის მაძიებლების მხოლოდ მცირე ნაწილი იღებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს", - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

ფოტო: ფოტო პიქტოჩარტიდან / IDFI

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე

თავშესაფრის მაძიებელთათვის უარის თქმის შესახებ ბოლო წლის ყველაზე გახმაურებული საქმე დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს შეეხება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

"სამინისტროს არ შეუფასებია დეტალები, თუ როგორ პირობებში მოუწევდა მუსტაფა ემრე ჩაბუქსყოფნა, თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესი ავტომატურად ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველი ფაქტობრივად მხოლოდ თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩაბუქის ექსტრადირების მოთხოვნასა (კავშირი გიულენის ორგანიზაციასთან - ე.წ. „გიულენის მოძრაობასთან“) და ამ მოთხოვნის საფუძველს ემყარებოდა", - აღნიშნულია კვლევაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი ამბობდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, ევროპული დონის ციხეში მოხვდება და წამებას არ დაექვემდებარება.

IDFI-ს რეკომენდაციები

  • თავშესაფრის მაძიებლებს უნდა შეეძლოთ სახელმწიფო საიდუმლოებად შეფასებული იმ ინფორმაციის გაცნობა, რომელიც მათთვის უარის თქმის გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად;
  • უნდა დაბალანსდეს ინფორმაციის საჯაროობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები.