19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას, 26 დეკემბერს, სპეცრაზმელმა თავში დაჭრა, დღეს დილით გარდაიცვალა. ის თითქმის ორი კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი ამბობს, პაციენტის მდგომარეობა დილით დამძიმდა, მას გული ოთხჯერ გაუჩერდა. მიუხედავად მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სიკვდილი დილის 8 საათზე დაფიქსირდა.

უახლოეს დღეებში იგეგმებოდა მაჩალიკაშვილის გადაყვანა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში.

26 დეკემბერს, პანკისში, ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა დაზიანება თავის არეში მიიღო.

აღნიშნული ინციდენტის გამო, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილსა და 26 დეკემბერს დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ისნის სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებთან.

21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი. ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. სუს-ის ცნობით, აღნიშნული პირები ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.