ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ფიცის დადების ცერემონიალი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 8 იანვარს გაიმართა. ღონისძიებას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი, მოსამართლეები და სასამართლოს სამდივნოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე ლადო ჭანტურია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 ოქტომბერს აირჩია. რეკომენდაცია მას ევროპის საბჭოს ასამბლეის სპეციალურმა კომიტეტმა გაუწია. ჭანტურიამ ამ პოსტზე ნონა წოწორია შეცვალა. სტრასბურგის მოსამართლის მოვალეობას ის 9 წლის ვადით, 2018 წლის 8 იანვრიდან 2027 წლის 8 იანვრამდე შეასრულებს.

ლადო ჭანტურია 1999-2004 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მანამდე კი, 1998-1999 წლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა. ჭანტურია წლების განმავლობაში ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას გერმანიაში, 2014 წლიდან კი, ის საქართველოს ელჩია გერმანიაში.

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგში მოსამართლის პოსტზე არაერთხელ წარადგინა კანდიდატები, თუმცა სია ორჯერ ჩავარდა. საბოლოოდ, არჩევანი შეჩერდა სამ კანდიდატზე: ლადო ჭანტურიაზე, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავაზე, რომელთაგან მოსამართლის პოსტზე ევროპის საბჭოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ სწორედ ჭანტურია შეარჩია.