კვირას გამართული ოქროს გლობუსი თემატურად ქალების მიმართ ძალადობის წინააღდეგ ბრძოლას მიეძღვნა. შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები წითელ ხალიჩაზე შავი ტანისამოსით გამოცხადდნენ, რითიც Time's Up [დრო ამოიწურა] კამპანიას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

თუმცა ვუდი ალენის შვილისთვის, დილან ფეროუსთვის, ეს კამპანია საკმარისი არ არის.

დილან ფეროუ მია ფეროუმ და ვუდი ალენმა ერთად ცხოვრების დროს იშვილეს. დილანის თქმით, 1992 წელს ის 7 წლის იყო, როდესაც ვუდი ალენმა მასზე პირველად იძალადა.

ამ ბრალდებას სასამართლო მოჰყვა, რომელმაც 1993 წელს ვუდი ალენს ფეროუსთან ურთიერთობისას აყვანილ ორ და ერთ ბიოლოგიურ შვილზე მეურვეობა არ მისცა.

ფეროუსა და ალენს 13-წლიანი ურთიერთობისას ბიოლოგიური შვილი რონან ფეროუ შეეძინათ, რომელიც ახლა გამომძიებელი ჟურნალისტია. მან ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების გამოაშკარავებას ხელი შეუწყო.

1997 წელს ვუდი ალენმა მია ფეროუს მიერ წარსულში ნაშვილები სუნ-ი პრევინი შეირთო ცოლად. მასთან ურთიერთობა ალენმა ჯერ კიდევ ფეროუსთან თანაცხოვრებისას დაიწყო.

1993 წლის სასამართლოდან 2014 წლამდე ვუდი ალენი საჯაროდ აღარ დაუდანაშაულებიათ დილან ფეროუზე სექსუალურად ძალადობაში, თუმცა მას შემდეგ, რაც მას 2014 წელს ოქროს გლობუსი გადასცეს, რონანმა და მიამ ოქროს გლობუსი გააკრიტიკეს, დილანმა კი ნიუ-იორკ ტაიმსში ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ალენის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.

ვუდი ალენმა დილანს ასევე ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული წერილით უპასუხა, ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ დილანს სექსუალური ძალადობა მია ფეროუმ შთააგონა, რადგან მისი და პრევინის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.

წელს, ოქროს გლობუსის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, დილან ფეროუმ რამდენიმე ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მხარს უჭერდა ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიებს, #MeToo-სა და #Time'sUp-ს. თუმცა დასძინა, რომ ეს კამპანიები ყველა მოძალადეს უნდა ეხებოდეს, მათ შორის ვუდი ალენს.

კვირას ოქროს გლობუსია. 4 წლის წინ, ვუდი ალენს Cecil B. DeMille-ს ჯილდო მისცეს ცხოვრების მანძილზე განვლილი მიღწევებისთვის. 4 წლის წინ გადავწყვიტე, რომ საკმარისი იყო და ღია წერილი დავწერე, სადაც აღვწერე ის შევიწროებები, რაც მის ხელში გამოვცადე.

მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ცვლილებას მოიტანდა. ვფიქრობდი, ბევრი რამ შეიცვლებოდა. მალე მივხვდი, რომ ჩემი ოპტიმიზმი უადგილო იყო და ეს მტკივნეული იყო. მისი [ვუდი ალენის] დრო არ იყო ამოწურული.

დღეს, 4 წლის შემდეგ, ისევ ოქროს გლობუსია და ბევრი შავი ტანისამოსით მივა წითელ ხალიჩაზე, #TIMESUP მოძრაობის მხარდასაჭერად. ისინი თავიანთ ინდუსტრიაში და სხვა სფეროებშიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ გამოვლენ. და ეს კარგია. მე მათ გვერდით ვდგავარ. #metoo

მაგრამ, მაინტერესებს, ნუთუ დრო ნამდვილად ამოიწურა? ნუთუ ნამდვილად ესაა მთავარი თემა? მე არ ვეჭვობ, რომ ეს შესაძლოა მართლაც ასეა. მე არ ვეჭვობ, რომ ახლა ამისთვის სწორი დროა. მაგრამ, იმისთვის, რომ ცვლილებები საფუძვლიანი იყოს, საჭიროა, რომ ეს ორაზროვანი არ იყოს.

არცერთი მოძალადე არ უნდა შევიწყალოთ მისი "ნიჭის", ან "კრეატიულობის", ან "გენიოსობის" გამო. არცერთი ქვა უნდა დარჩეს ამოუბრუნებელი. მოძრაობებისა და კამპანიების პრინციპი უნდა შეეხოს ყველას თანმიმდევრულად და გამონაკლისის გარეშე.

ამ ღამით ოქროს გლობუსს ვუყურებ, და არა იმ გრძნობით, რაც 4 წლის წინ მქონდა, ოქროს გლობუსზე. მე მას ვუყურებ ოპტიმიზმითა და იმედით და რწმენით, რომ წინ უფრო ნათელი მომავალია. და მე მას ვუყურებ, რომ დავინახო, რომ საბოლოოდ ჩემი მოძალადისთვისაც ამოიწურა დრო.