სახლი იქაა, სადაც თავს კარგად გრძნობ. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ადამიანებს იმ სახლების გაყიდვა უწევთ, სადაც ბავშვობა გაატარეს. ძველ, საყვარელ ადგილზე დაბრუნება კი, უამრავი მათგანისთვის, სიხარულის მომგვრელია.

სწორედ ასეთი სიურპრიზი გაუკეთეს ერთმანეთს დეკერ ნოგანგის ოჯახის წევრებმა.

"დედაჩემი და მისი 9 და-ძმა სამხრეთ კაროლინაში გაიზარდნენ, ცოტა ხნის წინ მათ გაიგეს, რომ სახლი და მიწა, სადაც ჩვენი ოჯახის წევრები ბამბას კრეფდნენ, იყიდებოდა. ყველამ შევაგროვეთ ფული და ეს ადგილი ვიყიდეთ" - დაწერა დეკერმა ტვიტერზე.

ოჯახმა ნანატრ სახლში დაბრუნება შობას ერთად იზეიმა.

დეკერის დედამ, დოროთიმ, ბაზფიდს უთხრა, რომ მის და-ძმებს იმ ოჯახმა დაურეკა, ვინც სახლს ყიდდა. ის იხსენებს, რომ ბავშვობაში თეთრკანიანი ბავშვები მასთან თამაშობდნენ.

"ბავშვობაში აღტაცებულები ვუყურებდით ამ აივნიან თეთრ სახლს" - იხსენებს ის და დასძენს, რომ სახლის ერთობლივად ყიდვაზე ოჯახის ყველა წევრი შეთანხმდა.

ნოგანგების ოჯახის წინაპრები აღნიშნული თეთრი სახლის მფლობელის ბამბის პლანტაციაში მონობის გაუქმების შემდეგაც მუშაობდნენ. მას შემდეგ, რაც აშშ-ში მონობა გაუქმდა, ყოფილი მონათმფლობელები ყოფილ მონებს დროებით სარგებლობაში აძლევდნენ მცირე ზომის მიწასა და საცხოვრებელს, სანაცვლოდ კი ისინი თამბაქოსა და ბამბის პლანტაციაში მუშაობდნენ. სწორედ ამიტომ, ნოგანგების ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ დიდი სახლის ყიდვა, რომლის მფლობელისთვისაც მათი წინაპრები, ფაქტობრივად, მიზერული სარგებლის სანაცვლოდ მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ.

ფოტო: Decker Ngongang

ფოტო: Decker Ngongang

ფოტო: Decker Ngongang

ფოტო: Decker Ngongang